მსოფლიოს უმძლავრესი ტელესკოპების მეშვეობით, ასტრონომები რენტგენულ ორმაგ სისტემას, სახელად Swift J1858.6-0814 დააკვირდნენ, რომელშიც ნეიტრონული ვარსკვლავი მეზობელი მნათობის შემადგენელ მატერიას იზიდავს. შთანთქმის პროცესი მძლავრი ამოფრქვევებისას უფრო აქტიურდება, რასაც უკიდურესი სიკაშკაშე ახლავს თან.

ამ დროს აირის ნაწილი კოსმოსშიც იტყორცნება. აქამდე სპეციალისტებს ზემოხსენებულის მსგავსი ბინარული სისტემებიდან გამოთავისუფლებული, სპექტრული თვალსაზრისით მხოლოდ "ცივი" ან "ცხელი" ნაკადები შეუნიშნავთ. ახლა კი მათ "თბილი" ქარიც იხილეს.

11 სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე მკვლევრებისგან შემდგარმა გუნდმა ხმელეთსა და დედამიწის ორბიტაზე განლაგებული 10 ტელესკოპი გამოიყენა, რათა ერთ-ერთი ასეთი ამოფრქვევა გაეანალიზებინა. მათი ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

ისინი წერენ, რომ მოპოვებულ მონაცემებში, ულტრაიისფერ სპექტრში "თბილი" აირის კვალი გამოავლინეს, დანარჩენი ორი (ცივი და ცხელი) კი — ოპტიკურში. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ კოსმოსურ ქარს ავტორები ფართო ელექტრომაგნიტურ დიაპაზონში დააკვირდნენ, რაც პირველი პრეცედენტია.

"ამგვარი ამოფრქვევები იშვიათი და უნიკალურია. როგორც წესი, მათ ვარსკვლავთაშორისი მტვერი ეფარება, რაც ამ ფენომენის შესწავლას ართულებს. Swift J1858 განსაკუთრებულია, რადგან იმის მიუხედავად, რომ ის ჩვენი გალაქტიკის მეორე მხარეს მდებარეობს, ბუნდოვანება ხელის შემშლელი არ ყოფილა და სრულ ტალღურ სიგრძეში გამოკვლევის საშუალება მოგვცა", — აცხადებს გუნდის წამყვანი მეცნიერი, კასტრო სეგურა.

"ამ სფეროში მოღვაწე ყველა ასტრონომი საოცრად აღტაცებულია იმით, რომ ჩვენი ძალისხმევით მთელი სპექტრი დავფარეთ, რადიოტალღებიდან რენტგენულ გამოსხივებამდე", — ამბობს ის.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.