საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მაღალია. თებერვალში წლიური ინფლაცია 13,7%-ს გაუტოლდა.

თებერვალში წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 17,3%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,61%-იანი წვლილი შეიტანა.

ასეთია იმ 10 პროდუქტისა და მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც თებერვალში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. კომბოსტო — გაძვირდა 238%-ით;
  2. ბადრიჯანი — გაძვირდა 81%-ით;
  3. ბუნებრივი გაზის გადასახდელი — გაძვირდა 78%-ით;
  4. ელექტროენერგიის გადასახდელი — გაძვირდა 74%-ით;
  5. ქლიავი — გაძვირდა 58%-ით;
  6. ნაგვის გატანის გადასახდელი — გაძვირდა 58%-ით;
  7. წყლის გადასახდელი — გაძვირდა 58%-ით;
  8. პომიდორი — გაძვირდა 42%-ით;
  9. თერმომეტრი — გაძვირდა 40%-ით;
  10. მანდარინი — გაძვირდა 38%-ით.

გარდა ამისა, გაძვირდა კიდევ 256 დასახელებელის პროდუქტი და მომსახურება, ხოლო გაიაფდა — 31.

მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს. 2 თებერვალს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10,5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.