უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მოქალაქეთა უმრავლესობა ქვეყანას ტოვებს. ამის საპირისპიროდ, ბრიტანელმა კაცმა 48 საათი იმოგზაურა, რათა უკრაინაში ცოლ-შვილთან დაბრუნებულიყო.

ბრიტანელი იანი უკრაინაში მას შემდეგ დასახლდა, რაც არდადეგებზე თავისი მომავალი ცოლი გაიცნო და 2019 წელს შვილიც შეეძინათ. ოჯახმა დიდ ბრიტანეთში გადაწყვიტა გადასვლა, ამიტომ იანი წინასწარ გაემგზავრა, რათა ცოლ-შვილის ჩამოსვლისთვის ყველაფერი მზად ჰქონოდა. თუმცა ვლადიმერ პუტინის უეცარმა გადაწყვეტილებამ ოჯახის გეგმები თავდაყირა დააყენა.

ფოტო: Instagram

იანს უკრაინაში დასაბრუნებლად ძალიან ბევრი ტრანსპორტის გამოცვლა დასჭირდა, საზღვრის გადაკვეთის შემდეგ უცხო ადამიანის მანქანაშიც კი ეძინა, თუმცა სახლამდე მაინც მშვიდობით მიაღწია.

იანის თქმით, მოგზაურობის დროს რუს ჯარისკაცებს არ შეხვედრია, თუმცა რამდენიმე "შემაშფოთებელ სცენას" შეესწრო. უკრაინაში ჩასვლისას ის ასობით ადამიანს შეხვდა, რომლებიც პატარა ცეცხლის გარშემო იყვნენ შეკრებილები და გათბობას ცდილობდნენ. მისი თქმით, მატარებლის სადგურები სავსე იყო ქალებითა და ბავშვებით, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. თუმცა იანმა ისიც აღნიშნა, რომ გრძელი მოგზაურობისას მრავალ კეთილ ადამიანს შეხვდა და დახმარებაც მიიღო.

ფოტო: Ian Umney

"როცა შემხვედრებს ჩემს ისტორიას ვუამბობდი, მეუბნებოდნენ, რომ გმირი ვარ. თუმცა მე უბრალოდ მამისა და ქმრის მოვალეობას ვასრულებ", — ამბობს იანი.

Insider-თან ინტერვიუში იანმა აღნიშნა, რომ თუ მისი ცოლი უკრაინაში დარჩენას გადაწყვეტს, ის ყველაფერს გააკეთებს ოჯახის დასაცავად და ჯარისკაცების გვერდით ბრძოლაშიც ჩაებმება. "მზად ვარ, ჩემი ოჯახის, ქალაქისა და უკრაინის დასაცავად ყველაფერი გავაკეთო. საბოლოო გადაწყვეტილება ჩემს ცოლზეა დამოკიდებული, თუმცა ვფიქრობ, რომ უკრაინაში დავრჩებით", — დასძინა იანმა.