საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზე მოულოდნელი იყო. მისი თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ მიმართ "პრეტენზიების" გამოთქვა არ სურს.

"ეს გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო და ვფიქრობ, სამწუხარო გადაწყვეტილებაა. გასაგებია, რომ მძიმე სიტუაციაში არიან ჩვენი უკრაინელი ძმები, მეგობრები, ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ომში მყოფი ადამიანები არიან და არ მინდა ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მათ მიმართ პრეტენზიები გამოვთქვა", — თქვა მან.

მინისტრი ამბობს, კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოში უკრაინის ელჩთანაც და ეს გადაწყვეტილება მისთვისაც მოულოდნელი იყო. ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერაზე არ იმოქმედებს.

"უახლოეს პერიოდში მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და აუცილებლად, ჩვენ ყველა გამოვალთ ამ სიტუაციიდან, როგორც შეეფერება ეს ჩვენს ურთიერთობას და იმ მხარდაჭერას და სოლიდარობას, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე და შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ", — აცხადებს ის.

მინისტრი, ასევე, ამბობს, რომ ეს ყველაფერი "ორკესტრებულს ჰგავს" და დასძენს, რომ ეს მისთვის ძალიან გასაკვირი იყო.

"ძალიან გამიკვირდა, რა თქმა უნდა, გამიკვირდა, გამომდინარე იქიდან, რომ მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი რაღაც ორკესტრირებულს ჰგავს და ის რა ქმედებებიც ამას შემდგომ მოჰყვა თბილისში და რაც ხდება და საზოგადოების ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ეს ყველაფერი. მართლაც გამოცემული ვარ, გაკვირვებული ვარ", — ამბობს ის.

ზალკალიანს არგუმენტად მოჰყავს ის, რომ სანქციებზე მოლდოვასაც საქართველოსნაირი პოზიცია აქვს, თუმცა იქ "საზოგადოებისა და მათი ოპოზიციური პარტიების ისეთ რეაქციას" ვერ ხედავს, რასაც თბილისში. მინისტრის თქმით, ჩნდება ეჭვები რომ ეს დაგეგმილია და უკრაინის საკითხი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისთვის გამოიყენება.

დღეს, პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ანდრეი კასიანოვი შეასრულებს. მისი თქმით, ზელენსკი კონსულტაციებზე გაწვეულ ელჩთან სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, უკრაინაზე საქართველოს პოზიციას განიხილავს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში