ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა და ტახტის პრეტენდენტმა, პრინცმა ჩარლზმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.

73 წლის ჩარლზმა განცხადება საუთჰენდში ყოფნისას გააკეთა. გასული წლის ოქტომბერში აქ პარლამენტარი დევიდ ეიმისი ამომრჩეველთან შეხვედრისას მოკლეს.

პრინცის თქმით, ეიმისის მკვლელობა იყო "თავდასხმა დემოკრატიაზე, ღია საზოგადოებასა და თავისუფლებაზე".

"იმავე ღირებულებებზე ყველაზე მიუღებელი გზით თავდასხმას დღეს უკრაინაში ვხედავთ. ამ გამოსვლით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველას, ვინც სასტიკ აგრესიას წინ აღუდგა".

გასულ კვირას უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს პრინცმა უილიამმა და ქეთრინმაც. კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა გაიხსენეს და მხარი დაუჭირეს "უკრაინელ ხალხს, რომელიც ახლა შეუპოვრად იბრძვის საკუთარი მომავლისთვის".

უილიამის უმცროსმა ძმამ, პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა, მეგან მარკლმა, ასევე გაავრცელეს უკრაინის მხარდასაჭერი განცხადება.

"სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია Archewell-ის წარმომადგენლებთან ერთად უკრაინელი ხალხის გვერდით დგომით ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას და საერთაშორისო საზოგადოებასა და ლიდერებს იმავე ქმედებებისკენ მოუწოდებენ", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში