უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რეგიონში, მათ შორის, საქართველოში, განვითარებულ მოვლენებს კლუბი BASSIANI ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ კრიზისულ სიტუაციაში სოლიდარობის გამოხატვა, მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი საქართველოს ახლო წარსულის გამოცდილებაა; ამის შედეგი, ოკუპაცია, ხომ "ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად უსპობს მშვიდობისა და წინსვლის პერსპექტივას".

"სწორედ ამიტომ, კარგად გვესმის უკრაინელი ხალხის გასაჭირი, ვხედავთ და გვეამაყება მათი თავდადება და, რაც მთავარია, გვეამაყება სოლიდარობის უპრეცედენტო ჯაჭვი, რომელშიც თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთო. ყოველთვის გვჯეროდა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში სოლიდარობა ერთადერთი გზაა, რომელსაც შეუძლია სასიკეთოდ შეცვალოს აწმყო და მომავალი".

კლუბის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში წარმოქმნილ სოლიდარობის ტალღაში არაერთი მონაწილე ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენელია. მათ შორისა BASSIANI-ც, რომელმაც "ომის დაწყების პირველივე დღიდან უპირობო სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას".

ისტორიამ გვასწავლა და მორალური პრინციპები მტკიცედ გვეუბნება, რომ ძალადობის დროს დუმილი და უმოქმედობა დანაშაულისა და მოძალადის გვერდით დგომის ტოლფასია.

განცხადებაში შეფასებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებიც — "საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სიმტკიცის" ნაკლებობა, რომელიც, მიუხედავად კრიზისულ სიტუაციაში სიფრთხილის აუცილებლობისა, "ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება".

"რადიკალური განსხვავებაა რაციონალურ გადაწყვეტილებებსა და შიშით ნაკარნახევ მეგობრის ღალატს შორის, რომელსაც ხელისუფლებას არავინ აპატიებს, პირველ რიგში სწორედ ქართული საზოგადოება. შიში ვერც სოლიდარობის საფუძველი გახდება, რადგან სოლიდარობა პირველ რიგში გულწრფელი სურვილია, თვალსაჩინო უსამართლობაში უპირობოდ დადგე მსხვერპლის მხარეს, თანაუგრძნო მას და გადაწყვეტილება გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ არ მიიღო".

BASSIANI საქართველოს ხელისუფლებას "ნაკისრი ვალდებულების აღებისკენ" და "ქართველი ხალხის ნების სრულად გამოხატვისკენ" მოუწოდებს.

"ისტორიის ფურცლებზე უკვე ყველაფერი იწერება".

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოლიდარობის ნიშნად, 4 და 5 მარტს კლუბის შემოსავალი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში