ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას სამწუხარო ფაქტს უწოდებს და ამბობს, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. თუმცა იქვე დააზუსტა, რომ გულისხმობს ქვეყნის შიგნით კოორდინაციას და არა ნაციონალურ მოძრაობასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

"არის მცდელობა, საქართველო აქ იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე...

მე ვამბობ იმას და იმდენს, რამდენიც საჭიროა ქვეყნისთვის. რაც შეეხება საქართველოში კოორდინაციას, არ მინდა ვინმემ იფიქროს, არასწორი ინტერპრეტაცია, რომ ნაციონალებსა და ზელენსკის შორის არის თითქოს კოორდინაცია, ეს ასე არ არის, მაგრამ საქართველოში ამ კოორდინაციის ნაწილი არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო შემჩნეული ღალატში საქართველოში, ეს არის ნაც მოძრაობა", — ამბობს კობახიძე.

პარტიის თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ ელჩის გაწვევის მთავარ მიზეზად სანქციების არდაწესება დასახელდა. მისი თქმით, ბევრმა სხვა ქვეყანამ, როგორიცაა მოლდოვა, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა, ასევე არ დააწესა სანქციები. მიზეზის ახსნისას კი ამბობს, რომ მიზეზი არის ერთადერთი — სხვა ქვეყნების შემთხვევაში არაა ინტერესი ჩაერთონ კონფლიქტში.

"სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი. სანქციები უკრაინასთან დაკავშირებით არ დააწესა მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა, გავაგრძელებ ამ ქვეყნების ჩამოთვლას, არცერთთან მიმართებით ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და რატომ, მიზეზი არის ერთადერთი — ინტერესი, რომ ან თურქეთი, ან მოლდოვა ან სხვა ქვეყნები ჩაერთონ სამხედრო კონფლიქტში არ არსებობს. და ეს არის მარტივი ახსნა", — თქვა კობახიძემ.

რაც შეეხება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ის ამბობს, რომ ეს სამხედრო კონფლიქტში ჩართვა იქნება და ამას არ და ვერ გააკეთებენ.

ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. უცნობია ის კონსულტაციებისთვის გაწვევას გულისხმობს თუ არა. ზელენსკი ამბობს, რომ მიზეზი სანქციებზე "ამორალური პოზიცია" და უკრაინაში მოხალისეების წასვლაში ხელის შეშლაა.