პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსგან არავინ ელის ქვეყნის საფრთხეში ჩაყენებას, თუმცა ელიან სოლიდარობას. პრეზიდენტმა ამაზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორიულად და დღესაც, რომ ჩვენ პრინციპების ერთგული ვიყავით და ვიდექით იქ, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო. ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და მე ამისთვის ჩამოვედი დღეს პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ის ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როდესაც მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ. დღეს იხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ევროპელები მზად არიან სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი", — განაცხადა პრეზიდენტმა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ დასავლეთის დაწესებული სანქციები ეფექტური საშუალება არაა. მისი თქმით, უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არაა.

25 თებერვალს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. მისი მტიცებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

ამავე დღეს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ არავითარ საჭიროებას არ ხედავს უკრაინის საკითხზე პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევის და მას თავისი საქმე აქვს, პარლამენტსაც თავისი საქმე აქვს, ომი კი უკრაინაში მიმდინარეობს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში