საქართველოს პარლამენტში თამბაქოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ნაწილი ემხრობა კვების ობიექტებში მოწევის სრულად აკრძალვას, ნაწილისთვის მისაღებია მწეველთათვის ცალკე სივრცის გამოყოფა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მწეველებისთვის არსებული დაწესებულებების არსებობა კანონმდებლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს. კაფე-ბარებისა და რესტორნების წარმომადგენელთა გარკვეული რაოდენობის მოსაზრებით კი, მოწევის აკრძალვის გაკონტროლება რთული, ან შეუძლებელი იქნება.

Drunk Owl-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ჩიკვაიძე თამბაქოს დაწესებულებებში სრული აკრძალვის მომხრე არაა და მიაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს მწეველებისთვის სივრცის არსებობა. ჩიკვაიძე ამბობს, რომ მათ ფეისბუკში გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც მათ ბარში მოწევის აკრძალვას ხუთი პროცენტი უჭერდა მხარს.

ბარში დადიან იმისთვის, რომ მოწიონ და დალიონ, ჯანმრთელი ცხოვრება ვისაც უნდა - ფიტნეს კლუბში

ზურაბ ჩიკვაიძე, Drunk Owl-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი

"არამწეველი ვარ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩვენი ბარი უნდა იყოს სივრცე მწეველებისთვის. დიდი სიამოვნებით დავარეგისტრირებდი მას, როგორც მწეველთა ბარს, თუ ამის შესაძლებლობა იქნება. ჩვენი სტუმრების 95 პროცენტი ეწევა. ბარში ყველა სვამს და ვინც არ ეწევა, ისიც კი ეწევა ხოლმე, როცა ნასვამია. ბარში დადიან იმისთვის, რომ მოწიონ და დალიონ, ჯანმრთელი ცხოვრება ვისაც უნდა - ფიტნეს კლუბში, - ასეთი მოსაზრებაც იყო," - ამბობს Drunk Owl-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც ჰგონია, რომ საწყის ეტაპზე მათი სტუმრების რაოდენობა შემცირდება, შემდეგ კი ისევ გაიზრდება.

ქართული სამზარეულოს რესტორან გაგრას დირექტორი, ლელა ნარსია ამბობს, რომ მათთან კანონის სრულად ამოქმედებამდე პრობლემას მარტივად მოაგვარებენ, რადგან მათ ორი 400-კაციანი დარბაზი აქვთ. თუმცა, კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ, მას ჰგონია, რომ მოწევის სრულად აკრძალვა ძნელად იმუშავებს.

"ძალიან რთული იქნება. ვინ უნდა გააკონტროლოს? მიმტანი და ადმინისტრაცია შენიშვნას რომ მისცემს, ნასვამი ადამიანი არავის დაუჯერებს, სულ ჩხუბი იქნება მაგის გამო. რაღაცა სხვა რეგულაციები უნდა იყოს. პატრული არ უნდა გამოვიძახოთ იმიტომ, რომ სულ კონფლიქტი და უფრო მეტი აგრესია იქნება. ამდენ რესტორანს ეს პატრული არც ეყოფა," - ამბობს რესტორან გაგრას დირექტორი, თუმცა, აღნიშნავს, რომ რა რეგულაციებსაც მიიღებენ, მას დაემორჩილებიან.

მისი თქმით, მათთან სტუმრები იშვიათად ითხოვენ არამწეველთათვის გამოყოფილ ადგილს. ნარსიამ გაიხსენა შემთხვევა, როცა ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიულ საღამოზე სტუმრებმა გადაწყვიტეს, რომ თამბაქო არ მოეწიათ და ამ წესის დაცვა, რესტორნის თანამშრომლების ჩარევის გარეშე, თავადვე გააკონტროლეს. მას მიაჩნია, რომ არამწეველებისთვის სპეციალური სივრცე უნდა არსებობდეს, სადაც მათ მისვლა შეეძლებათ.

ქართული რესტორნების მფლობელი კომპანიის, წისქვილი ჯგუფის ივენთებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი, სოფო გორდაძე ამბობს, რომ მათ ქსელში სივრცის ნახევარი არამწეველებს ეთმობათ. იმის მიუხედავად, რომ მათ მწეველთა და არამწეველთა სივრცე ერთმანეთისგან გამიჯნული აქვთ და ორივე შემთხვევაში მოთხოვნა აქვთ, თამბაქოს მოხმარების სრულად აკრძალვის მომხრეები არიან.

კვების ობიექტს არ ირჩევენ იმის მიხედვით, სად ეწევიან და სად არა. ადამიანები კვების ობიექტს ირჩევენ იმის მიხედვით სად უფრო გემრიელია საჭმელი და სადაც უკეთესი სერვისია

სოფო გორდაძე, წისქვილი ჯგუფის ივენთებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კვების ობიექტს არ ირჩევენ იმის მიხედვით, სად ეწევიან და სად არა. ადამიანები კვების ობიექტს ირჩევენ იმის მიხედვით სად უფრო გემრიელია საჭმელი და სადაც უკეთესი სერვისია."ზოგადად, კვების ობიექტში მიზანშეწონილი, როცა სხვა ადამიანი ვახშმობს მეორე ადამიანი ნიკოტინით აფორმებდეს, თუმცა, უნდა არსებობდეს ალტერნატიული ადგილი მწეველებისთვის [მოსაწევი სივრცე]. დარბაზში მოწევის აკრძალვის მომხრე ვართ. კვების ობიექტს არ ირჩევენ იმის მიხედვით, სად ეწევიან და სად არა. ადამიანები კვების ობიექტს ირჩევენ იმის მიხედვით სად უფრო გემრიელია საჭმელი და სადაც უკეთესი სერვისია. ალბათობა იმის, რომ რესტორან წისქვილს გამოაკლდეს სტუმრები იმის გამო, რომ აქ არ ეწევიან, ეგ არის გამორიცხული," - ამბობს კომპანიის ივენთებისა და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

დაახლოებით ოთხი წელია მოწევა აკრძალულია იტალიურ რესტორანში პიანო, რომლის სტუმრებიც, ძირითადად, უცხოელები, დიპლომატები და ადგილობრივი ბიზნესმენები არიან. მისი დირექტორი, ეკა ქეცბაია ამბობს, რომ თამბაქოს მოწევის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მარკეტინგული კვლევის ჩატარების შემდეგ მიიღეს. შედეგებმა ქეცბაის გადააწყვეტინა, რომ აკრძალვა დაეწესებინა.

"ზოგადად, ადგილობრივ სტუმრებზე იმოქმედა, მაგრამ მერე ყველა შეეჩვია, რომ აქ არ ეწევიან და ამიტომ მგონია ეს პრობლემა არაა. პირიქით, მოსწონთ კიდეც ახლა. თუმცა, არიან გამონაკლისებიც," - ასე იხსენებს პიანოს დირექტორი თამბაქოს აკრძალვის შემოღებას მათ რესტორანში.

საქართველოს პარლამენტი დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვაზე მსჯელობს და შესაბამისი კანონის მიღებასაც გეგმავს. მომხრეები და მოწინააღმდეგეები არიან საკანონმდებლო ორგანოშიც და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებშიც. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, კანონის მიღების შემთხვევაში, თამბაქოს მოწევა 2017 წლის 1 ივლისიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც სრულად აიკრძალება.