რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკვე რამდენიმე დღეა, მთელი მსოფლიო ხედავს, თუ როგორ იბომბება ქალაქები და როგორია ომის მდგომარეობა უკრაინელი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მენტალურ ჯანმრთელობაზეც დიდ გავლენას ახდენს და ომის დასრულების შემდეგ პოსტტრავმულ სტრესთან ბრძოლა უამრავ ადამიანს მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ომის კადრები უკრაინელების გარდა სხვა ადამიანებზეც დიდ ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, უკრაინის მოქალაქეების მენტალურ მდგომარეობა მალე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცევა. დაშავებული ადამიანები და მშვიდობიანი მოქალაქეები ქვეყნის დატოვებასა და თავშესაფრების პოვნას ცდილობენ, მათ შორის კი ძალიან ბევრი ბავშვია, რომლებსაც ჯერ ომის გამოცდილება არასდროს ჰქონიათ.

ფოტო: Twitter

დღეს მედია და სახელმწიფოები ძირითადად იმ ფიზიკურ დანაკარგებზე საუბრობენ, რომლებიც ისედაც წინა პლანზეა. უკრაინის მოქალაქეები ომის გამო საყვარელ ადამიანებს კარგავენ, თუმცა რაც ამ ეტაპზე უთქმელი რჩება, ტრავმა და თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ისტორიაა, რომელიც ომში გადარჩენილების ცხოვრების ნაწილი გახდება. ომს ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა აქვს ადამიანთა ცხოვრებაზე როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ტრავმული ეპიზოდები ტვინსა და აზროვნებაზე თავის კვალს ტოვებს და ომი ადამიანებმა დასრულების შემდეგ კიდევ უფრო მძაფრად შეიძლება განიცადონ.

ომი მხოლოდ სამხედრო კონფლიქტი არ არის იმ აზრით, რომ ის ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს. ფსიქიატრიულმა და ფსიქოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ომი განურჩევლად ასაკისა და სქესისას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს, შედეგად კი ყველაზე უფრო გავრცელებული ეს მენტალური პრობლემებია:

  1. შფოთვითი აშლილობა
  2. პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD)
  3. დეპრესია
  4. დისოციაციური აშლილობა (დეპერსონალიზაცია, ამნეზია, კატატონია)
  5. ქცევის აშლილობა (აგრესია, ასოციალურობა და ძალადობრივი ქცევა)
  6. ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულების გაჩენა

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.