ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საკუთარ კანდიდატურას 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ხსნის და ქართულ ოცნებას არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ ვითარებაში შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა.

"ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან უკიდურესად დასტრესილები, დაზაფრულნი, საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლებელია, შესაბამისად, მე მივიღე გადაწყეტილება, შევაჩერო მონაწილეობა რუსთავის შუალედურ არჩევნებში და მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადოს 2 აპრილის არჩევნები, რადგან ასეთ მდგომარეობაში პრაქტიკულად საგანგებო მდგომარეობაში შეუძლებელია ნორმალური საარჩევნო პროცესის წარმართვა", — თქვა მან.

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემდეგ, პარტია ლელომ ის რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. 2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.