ოსკარის ნომინანტი მსახიობი როზამუნდ პაიკი ამერიკელი რეპორტიორის მარი კოლვინის როლს მოირგებს. კოლვინი ისეთ კონფლიქტის ზონებში მუშაობით არის ცნობილი, როგორებიცაა - ჩეჩნეთი, კოსოვო, ზიმბაბვე, სიერა ლეონე, შრი ლანკა და სხვა.

მარი კოლვინი 2001 წელს შრი ლანკაში სამოქალაქო ომის გაშუქებისას მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც მარცხენა თვალი დაკარგა.

მარი კოლვინი 2012 წელს დაიღუპა, ის ფრანგ ფოტოგრაფ რემი ოშკილთან ერთად სირიაში, ქალაქ ჰომსში, მედია ცენტრში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სამთავრობო ძალებმა შენობაზე იერიში მიიტანეს და დაბომბეს.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე, 2010 წელს, მარი კოლვინი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმარი იყო, სადაც ბარბარა კუპლისა და ბობ აიზენჰარდტის ფილმი Bearing Witness ჩვენებას დაესწრო. კინოსურათი ხუთი ქალი-რეპორტიორის, მათ შორის, მარი კოლვინის შესახებაა, რომლებიც ერაყში ომის დროს მუშაობდნენ. გარდა ამისა, მარი კოლვინი შეხვდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს და მათ ომის რეპორტიორის პროფესიის სპეციფიკაზე და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა.

რაც შეეხება ფილმს, სცენარს არაშ ამელი მარი ბრენერის სტატიის "მარი კოლვინის პირადი ომი" დაწერს, რომელიც 2012 წლის აგვისტოში ჟურნალ Vanity Fair-ში გამოქვეყნდა.