რუსეთის უკრაინაში შეჭრის საჯარო გამართლება ჩეხეთში დასჯადი იქნება. ინფორმაციას ჩეხეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

"ჩეხეთის სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის საჯარო გამართლება შესაძლოა კვალიფიცირებული იყოს როგორც დანაშაულებრივი უარყოფა, ეჭვის შეტანა და გენოციდის გამართლება", — წერს უკრაინის საელჩო ჩეხეთში.

24 თებერვალს პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია — იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან.

ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.

ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტური ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. აშშ-მ დაასანქცირა ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვიც.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში