მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი შეიჭრა და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები გაჩაღდა, უკვე ერთი კვირაა, მთელი მსოფლიო უწყვეტად ადევნებს თვალს იქ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს.

პუტინის ყოვლად გაუმართლებელი სასტიკი პოლიტიკა სხვადასხვა სიმძიმის სანქციებით დაგმო მრავალმა ქვეყანამ. პირადი პოზიცია დააფიქსირეს მოქალაქეებმაც მსოფლიოს უამრავ ქალაქში გამართული მრავალრიცხოვანი აქციებით. უკრაინას მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა არაერთმა საერთაშორისოდ ცნობილმა ვარსკვლავმაც.

მათ შორის რუსეთშიც: მიუხედავად იმისა, რომ იქ ომის გაპროტესტების გამო ბავშვებსაც კი იჭერენ, მოქალაქეთა ნაწილი მაინც ბედავს, რომ თავისი პოზიცია ღიად გამოხატოს. მართალია, ზოგი მსუბუქად, სხვები კი უფრო მკვეთრად გამოთქვამენ კრიტიკულ აზრს. აქამდეც წარმოგიდგინეთ რუსეთში ცნობილი სახეების საპროტესტო განცხადებები და ამ სტატიაშიც კიდევ რამდენიმე მაგალითს გთავაზობთ, როცა რუსეთში ცნობილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა უკრაინაში ომი სხვადასხვა ფორმით დაგმეს.

1. ვერკა სერდუჩკა

უკრაინელი კომიკოსი და მომღერალი სასცენო სახელით ვერკა სერდუჩკა, რომელიც რუსულ შოუბიზნესშიც კარგად ნაცნობი სახეა, ღიად აკრიტიკებს რუსეთის აგრესიას:

"წადით! წადით! წადით!
მედგრად ვდგავართ და სულით არ ვეცემით!
ჩვენს სიმართლეს ეს შემოჭრა ვერაფერს დააკლებს!
მოშორდით! მოშორდით! მოშორდით!"

2. ვალერია ლიპოვეცკაია

მოდელი და სოციალურ მედიაში ცნობილი ფიგურა წერს:

"ჩვენი ოჯახი თვალს ადევნებს რუსეთსა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და გულგატეხილები ვართ იმ ძალადობის გამო, რომელიც უდანაშაულო ხალხს შეეხო. მე რუსეთში დავიბადე, გარი — უკრაინაში. მშვიდობისა და პრობლემის მოგვარებისთვის ვლოცულობთ".

3. ვერა ბრეჟნევა

უკრაინელმა მომღერალმა და ცნობილ ჯგუფ ვია გრას ყოფილმა წევრმა რუსულ მხარეს ომის დასრულებისკენ მოუწოდა:

"არასდროს განმიცალკევებია ჩვენი ერები. არც მაშინ, როცა ათასობით ადამიანს და ბავშვს ვეხმარებოდი. არც მაშინ, როცა ვმღეროდი, ვეხუტებოდი და მიხაროდა.

დედაჩემი და ბებიაჩემი რუსები არიან, მამა და ბაბუა კი — უკრაინელები. ორივე ხალხი ჩემი წინაპარი და ჩემი სისხლია. დავიბადე და ვცხოვრობ უკრაინაში. ახლა გასაჭირში ვართ.

ჩემი გამომწერების 32% რუსია. უბრალოდ მინდა, სიმართლე იცოდეთ. და თუ რამის გაკეთება შეგიძლიათ, გააკეთეთ.

ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ უკვე მეხუთე დღეა, ომში ვართ. უფრო და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება. უფრო და უფრო მეტი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ნადგურდება. ქალაქების სიცოცხლის უზრუნველსაყოფად საჭირო შენობები განადგურებულია.

ახლა ბავშვებთან ერთად უსაფრთხოდ ვარ. მაგრამ ჩემი ქმარი და დედა, ასევე ჩემი უმცროსი დის ოჯახი, კიევში დაბომბვას სარდაფებში აფარებენ თავს.

რადგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს კიევში, ჟიტომირში, ხარკოვში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში, ხერსონში, ჩერნიგოვში, ოდესაში, კახოვკაში და სხვა ქალაქებსა და სოფლებში.

და თითოეული უკრაინელი ეხვეწება რუს ჯარისკაცებს: ნუ მოდიხართ, ნუ გვხოცავთ. ამ ომს აზრი არ აქვს. არც გამართლება. მისი გაგრძელება დაუშვებელია. შეაჩერეთ ომი!"

4. მაკს კორჟი

წარმოშობით ბელარუსი მომღერალი, რომელსაც მსმენელები მრავლად ჰყავს რუსეთსა და უკრაინაშიც, წერს:

"ერთსა და იმავე ეზოში, ერთსა და იმავე ღირებულებებზე გაზრდილი მილიონობით ადამიანი, რომელთაც ერთმანეთის ესმით და 100%-იან მზაობას ავლენენ მშვიდობიანი თანამეზობლობისთვის, ერთმანეთს კვლავ ომის გამო შორდება.

სუვერენიტეტულ სახელმწიფოში შეჭრასა და მის დაბომბვას ვაკრიტიკებ. ეს არის ომი, რომელიც ყველას ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობ. ყველაფერი ჩვეულებრივი, რის დაფასებასაც გადავეჩვიეთ, ჩვენთვის მხოლოდ მოგონებად გადაიქცევა. ამიტომ არასდროს არ არის გვიანი, როდესაც მილიონობით ადამიანს ომი არ უნდა.

მშვიდობა უკრაინას!

5. ანდრეი რუბლევი

ცნობილმა რუსმა ჩოგბურთელმა ანდრეი რუბლევმა მატჩის დასრულების შემდეგ კამერაზე დაწერა: "არა ომს, გთხოვთ".

6. ივან ველიკანოვი

რუსმა კომპოზიტორმა და მუსიკოსმა ივან ველიკანოვმა განაცხადა, რომ ანტისაომარი პოზიციის გამო მას მოსკოვში ფესტივალზე გამოსვლის უფლება აღარ მისცეს.

"მინდა, მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ჩემი დაცვა სცადა და პატივისცემა იმ კოლეგების მიმართ, ვინც ჩემს ჩანაცვლებაზე უარი თქვა", — წერს ველიკანოვი.

7. ანასტასია კამენსკიხ

წარმოშობით უკრაინელი მომღერალი, რომელსაც რუსი მსმენელიც კარგად იცნობს, მიმართვას ავრცელებს:

"ბელარუსო და რუსო დედებო, გთხოვთ! ნუ გამოუშვებთ თქვენს შვილებს, თქვენს ვაჟებს სასიკვდილოდ! ნუ მისცემთ ნებას, რომ უკრაინელ ხალხს ეომონ. გთხოვთ, შეაჩერეთ ეს ომი! ჩვენ უკრაინაში საშინელი ვითარება გვაქვს. გადაარჩინეთ თქვენი და ჩვენი შვილები!"

8. მოდის სფეროს წარმომადგენლების ღია წერილი

რუსული მოდისა და სილამაზის სფეროს წარმომადგენლებმა ღია წერილი გაავრცელეს:

"ჩვენ, დიზაინერები, ჟურნალისტები, PR-ისა და მარკეტინგის სპეციალისტები, რომლებიც სილამაზისა და მოდის ინდუსტრიას წარმოვადგენთ, ხელს ვაწერთ ღია წერილს, რათა გამოვეხმაუროთ რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე.

ჩვენი ინდუსტრია ყოველთვის საერთშორისო ურთიერთობაზე, თანამშრომლობაზე იდგა, რომელიც არ ცნობს საზღვრებს, მხოლოდ სილამაზესა და უერთიერთპატივისცემას. ამ დღეებში მთელი ეს სამყარო ჩამოიშალა, ჩვენი მეგობრები, პარტნიორები და კოლეგები სახლების, სამსახურების გარეშე დარჩნენ და ბომბებს თავშესაფრებში ემალებიან.

რუსეთში ოჯახი არ არის, რომელიც მე-20 საუკუნეში საშინელმა ომმა არ დააზარალა. ჩვენ ამ ომის საშინელებების ბებია-ბაბუებისგან გადმოცემით ვიცით და ყოველ 9 მაისს თვალცრემლიანი ვხვდებით. ეს მოგონებები ზედმეტად ახალია იმისთვის, რომ ისტორიას გამეორების უფლება მივცეთ

მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ამ კოშმარზე პასუხისმგებლობა ეკისრება, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო კონფლიქტი და დაუბრუნდნენ საკითხის მშვიდობიანი მოგვარების ფორმას.

არა ომს!"