პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მოქმედი პრემიერმინისტრის განცხადება უკრაინაზე არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ამის შესახებ მან საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებულ პოსტში აღნიშნა.

"დღეს არის რეალობა, როცა ჩვენს მეგობარ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, კვლავ სრული სიმძაფრით აღვიქვამთ ამ თარიღის ტრაგიკულობას. საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული გმირების პატივისცემა ჩვენ ახალ მისიას გვაკისრებს! ჩვენ უნდა შევძლოთ გაერთიანება იმ დიდი ეროვნული იდეის გარშემო, რასაც წარმოადგენს დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფო. როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიცია, ქართველი ხალხის ეროვნული თავმოყვარეობა არსად გამქრალა, ღირსება არ დაგვიკარგავს და კვლავ ჩვენი ღირებულებების ერთგული ერი ვართ!

მივმართავ უკრაინელ ხალხს — საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს", — წერს გახარია.

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს. მანვე კიევში არჩასვლის მიზეზი დაკეტილი საჰაერო სივრცით "ახსნა".