"შემდეგში ვეცდები, ომის განრიგი გადავიტანო" — ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა დანიშნული, თუმცა ვერ შედგა.

"დღეს დილის 10:30 საათზე ჩერნიგოვთან, გოსტომელთან და მელიტოპოლთან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ხალხი დაიღუპა. შემდეგ ჯერზე ვეცდები, ომის განრიგი გადავიტანო, რომ კონკრეტულ დროს დაველაპარაკო მარიო დრაგს. უკრაინა აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის", — წერს ზელენსკი.

იტალიის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ზელენსკისთან ჩანიშნული სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტი "ხაზზე არ იყო".

გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილს SWIFT-დან რუსეთის გაყვანა არ სურს — განსაკუთრებით მათ, ვისაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ რუსეთთან. CNN-მა დაასახელა 4 ასეთი სახელმწიფო — გერმანია, იტალია, უნგრეთი და კვიპროსი, მაგრამ არ მიუთითა, სრული იყო თუ არა ეს სია.


მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა, პუტინმა თქვა, რომ "მათ დასაცავად" ჯარებს შეიყვანდა და მალევე უკრაინაში ომი დაიწყო. თავად პუტინი და მისი პროპაგანდისტები ამ ომს სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებენ.

კრემლში ამტკიცებენ, თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას თავს არ ესხმიან, რაც ტყუილია— იბომბება დასახლებები, ბაღები, სკოლები, საავადმყოფოები. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან შეუტია და ახლა საომარი მოქმედებები ქვეყნის არაერთ რეგიონსა და ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, კიევის ოლქთან. ორივე მხარეს არის დანაკარგები — დაიღუპა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. რუსული ჯარები ცდილობენ, ხელში ჩაიგდონ მნიშვნელოვანი ობიექტები, უკრაინა მათ წინააღმდეგობას უწევს. სამხედრო მოქმედებებს თან ახლავს კიბერშეტევები, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ტალღა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში ჯერ სამხედრო მდგომარეობა, შემდეგ კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თქვა, რომ იარაღს მისცემენ ყველას, ვისაც ქვეყნის დაცვა ენდომება. ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა პარტნიორებს დახმარებისა და სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ და აღნიშნა, რომ ომი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ევროპაშია.

ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა, ახალმა ზელანდიამ, გერმანიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რუსულ ელიტაზე, ოლიგარქებზე, მსხვილ ბანკებზე, ავიაკომპანიებზე. უკრაინა უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში