მასწავლებელი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს დაბომბვას გადაურჩა, ამ კონფლიქტის ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოს გმირად იქცა. ხარკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ ჩუგუევში მცხოვრები 52 წლის ოლენა კურილოს საჰაერო შეტევის შემდეგ ჩამსხვრეული მინის ნამსხვრევები სახეში მოხვდა, რის გამოც საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდა საჭირო.

"წამით მხოლოდ იმის გაფიქრება მოვასწარი, ღმერთო, სიკვდილისთვის მზად არ ვარ-მეთქი", — იხსენებს კურილო, — "შოკში ვიყავი და ტკივილს ვერ ვგრძნობდი".

დაზარალებული მოქალაქის თქმით, თავისი სახლი აფეთქებამ მთლიანად გაანადგურა.

ქალაქ ჩუგუევის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ბინა.

ფოტო: Anadolu Agency / Getty Images

"აღარც ფანჯრებია და აღარც კარები. ერთი კარი საერთოდ მოწყდა და შორს გადავარდა. იატაკიც მთლიანად განადგურებულია", — ამბობს კურილო, — "მე, უბრალოდ, ძალიან გამიმართლა. ალბათ ძალიან ძლიერი მფარველი ანგელოზი მყავს, ცოცხალი რომ გადავრჩი".

შემთხვევის შედეგების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბომბვის გამო დაღუპულებს შორის 13 წლის მოზარდიცაა. გავრცელებული ცნობით, საავადმყოფოში 20-მდე დაშავებული რჩება.

კურილოს თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო.

"მე თვითონ დირექტორი და მასწავლებელი ვარ", — აღნიშნავს იგი, — "ისტორიასაც ვსწავლობდით, მაგრამ ვერაფრით ვიფიქრებდით, თუკი ეს ჩვენს მიწაზე მოხდებოდა".

ფოტო: Justin Yau / Sipa USA

რუსეთის შეჭრით გამოწვეული საფრთხის მიუხედავად, კურილო ბრძოლის მომხრეა.

"არასდროს, არავითარი პირობით, არ დავმორჩილდები [პუტინს]. ამას სიკვდილი მირჩევნია.

"ავდგები და წავალ. ყველაფერს გავაკეთებ უკრაინისთვის, რაც შემიძლია და რისთვისაც ენერგია მაქვს. მე ყოველთვის მხოლოდ ჩემი სამშობლოს მხარეს ვიდგები".

თუმცა, სამშობლოს დატოვება 100 ათასამდე უკრაინელს მოუხდა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, რამდენიმე ათასმა ადამიანმა მეზობელ რუმინეთსა და მოლდოვას შეაფარა თავი. კიევის გზებზე წარმოქმნილ საცობებში მყოფი ადამიანები კი იმასაც შიშობდნენ, რომ დაბომბვის მსხვერპლნი გახდებოდნენ.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში