როგორც იცით, ცოტა ხნის წინ "ტიფლისისა" და "ქერჩის" სცენარისტები საზოგადოებრივ მაუწყებელს ტყუილსა და ჩაგვრაში ადანაშაულებდნენ.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 2016 წლის ივლისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მხატვრული და დოკუმენტური სერიალების გადასაღებად კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც გამარჯვებული პროექტების ავტორები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სერიალების სცენარებს დაწერდნენ. პროექტი - "კლასიკოსები", ორი ტურის გავლის შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი ვასაძე, ნათია წულაძე, ბასა ჯანიკაშვილი და ლანა ქუთათელაძე შედიოდნენ, გამარჯვებულად დაასახელეს, რომლის ავტორებიც მარი ბექაური, ივა ფეზუაშვილი და ალექს ჩიღვინაძე იყვნენ.

ამ ამბავს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აიპრესთან საუბრის დროს გამოეხმაურა.

"მე მინდა ვთხოვო ამ კამპანიის ავტორებს, დღესავით არის ნათელი, სულ რამოდენიმე ადამიანი აკეთებს ამას და რატომ, ეს ცალკე საკითხია. ვურჩევდი, რომ ია ანთაძეს დაანებონ თავი, ის ნამდვილად არაფერ შუაშია, მთლიანად ისაუბრონ ხოლმე პირადად ჩემზე, სიტყვის მასალად ამ ქალბატონს თავი დაანებონ. რაც შეეხება ამ სცენარისტებს, ვფიქრობ რომ ისევ ეთიკის საკითხი დგება, ეთიკის პრობლემებთან გვაქვს საქმე, მითუმეტეს როცა უყურებდი როგორი აჟიოტაჟით შეხვდა ამას სოციალურ ქსელში გარკვეული ტიპის ადამიანები და უკვე გამოწერეს ვედიქტი.", - ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.

ამავე ამბის საპასუხოდ, სცენარისტებმა - მარი ბექაურმა, ივა ფეზუაშვილმა და ალექს ჩიღვინაძემ ღია წერილი გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ეგ ამბავი ისევ იმ ოპერიდანაა და ისევ იმათ სინდისზე იყოს, რომლებიც ვითომ რაღაც კამპანიას აგორებენ...

არა, ბატონო ვასილ, ამ შემთხვევაში ასეთი საუბარი არ გამოვა. ჩვენ სამიდან არცერთს, არასდროს, არანაირი კამპანია არ აუგორებია, ამ საქმეში სინდისი სუფთა გვაქვს და არც ისეთი მარტივად „ასაგდები“ ვართ, რომ ვიღაცას თქვენ წინააღმდეგ დავექოქეთ. არ ვიცი, თქვენ ვინ გებრძვით, მაგრამ ჩვენ რომ - არა - ეს ფაქტია. ჩვენ უბრალოდ, კუთვნილი თანხის მიღებას ვითხოვთ, მეტს არაფერს.

ვერ ვხვდები რატომ მიაჩნია ახალ მენეჯმენტს, რომ ძველის მიერ აღებული ვალდებულებები მას არ ეხება? მაღლაფერიძე ამბობს, რომ "იოტისოდენა იურიდიული საფუძველი ვერ ვნახეთო" - აქ ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ პირველადი სამართლებლივი ანალიზი: - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ საჯაროდ გამოცხადებული კონკურსი გახლდათ ერთგვარი ოფერი. შესაბამისად, კონკურსის ორგანიზატორებსა და გამარჯვებულებს შორის უკვე დამყარდა სამართლებრივი ურთიერთობა?

"რაც შეეხება ამ სცენარისტებს, ვფიქრობ რომ ისევ ეთიკის საკითხი დგება, ეთიკის პრობლემებთან გვაქვს საქმე, მითუმეტეს როცა უყურებდი, როგორი აჟიოტაჟით შეხვდა ამას სოციალურ ქსელში გარკვეული ტიპის ადამიანები და უკვე გამოწერეს ვედიქტი."

ჩვენი "ამ სცენარისტების" საუბარში, სტატუსში, თუ კომენტარში არაფერი არაეთიკური არ ყოფილა, ხოლო ის ხალხი, ვინც სოციალურ ქსელში "აჟიოტაჟით შეხვდა ამას" ძირითადად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არიან, რომლებიც ჩემთან ერთად იღებდნენ პროექტ "დღეები და ღამეების" ფარგლებში ფილმს და ჯერ კიდევ მაგ პერიოდში გადაეყარნენ ისეთ უსამართლობებს, როგორი უსამართლობის წინაც ჩვენ ვდგავართ ახლა.

ერთხელ მაინც, სულ ორი წუთით რომ შეგვხვედროდა ვინმე, ყველაფერს ავუხსნიდით და ჩვენ მტკიცებულებებსაც ვაჩვენებდით. ან როგორ შეიძლება იურისტებს იმდენი მაინც ვერ გაერკვიათ რომ ჩვენი პროექტის ბიუჯეტი ბორდს უკვე დამტკიცებული ჰქონდა და საწარმოოდაც ჩაშვებული იყო. როგორც მაშინ, ისე ახლაც - მომხდარზე პასუხისმგებლობას ტელეფილმების გაერთიანებას ვაკისრებთ, მაგრამ, სამწუხაროდ ამ დავაში იურიდიული ზღვარი თქვენზე და ახალ მენეჯმენტზე გადის.

"მე ახლა რასაც ვკითხულობ, იქაც მსგავსი არაფერი არგუმენტი მოჰყავთ გარდა იმისა, რომ ვიღაცა ვიღაცასთან ზეპირად შეთანხმდა. პირველად ტელევიზიის ისტორიაში სწორედ ეს საკითხები რომ დარეგულირებულიყო ჩვენ გამოვაცხადეთ გუშინწინ კონკურსი 2 ტელესერიალზე, ღიად გამჭვირვალედ, ეს არის სამაგალითო, თავის ბიუჯეტის მითითებით, და თავისი ყველა პირობით, რომელიც ზუსტად იქნება დაცული"

ზუსტად ეგეთი ღია და გამჭირვალე კონკურსი მოვიგეთ ჩვენც, ბატონო ვასილ და ამის დამადასტურებელი ფაქტები შეგიძლიათ პირველი არხის ვებ გვერდზევე ნახოთ.

და ბოლოს

თუ ეთიკაზე ვსაუბრობთ, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, სცენარისტებს არაფერი არაეთიკური არ ჩაგვიდენია და ჩვენთვის „კამპანიის ამგორებლების“, „ისტერიკის“ მომწყობის და გამომძალველის სახელის მოწებება, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ -უპასუხისმგებლო საქციელია." - წერია სცენარისტების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 21 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მაუწყებლის მიერ მხატვრული სერიალის და დოკუმენტური ციკლის სცენარებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ, მათ შორის იყო დრამის ჟანრი, სადაც სწორედ მარიამ ბექაურმა გაიმარჯვა.