პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო რუსეთს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს.

"მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას. ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს, მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას",— განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთს სანქციები დაუწესეს ამერიკამ, ბრიტანეთმა, კანადამ და იაპონიამაც. კანადის სანქციები შეეხება 62 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ელიტისა და მსხვილი ბანკების წევრები არიან. რაც შეეხება აშშ-ს, პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მათი სამიზნე 4 მსხვილი რუსული ბანკი გახდა, რომელთა საერთო აქტივები 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. პარალელურად, ბრიტანეთი ყველა მსხვილ რუსულ ბანკს გაუყინავს აქტივებს და შეზღუდვებს დააწესებს ექსპორტზეც.