რუსეთს დამატებით სანქციებს იაპონიაც დაუწესებს. საერთაშორისო მედიების ცნობით, ამაზე იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ისაუბრა.

The Guardian-ის ცნობით, იაპონია რუსეთს ფინანსური ინსტიტუტებისა და სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტის მიმართულებით შეზღუდავს. პრემიერმინისტრის თქმითვე, გააკეთებენ ყველაფერს, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გავლენა იაპონიის ეკონომიკაზე შეამცირონ.

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთს სანქციები დაუწესეს ამერიკამ, ბრიტანეთმა და კანადამ. კანადის სანქციები შეეხება 62 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ელიტისა და მსხვილი ბანკების წევრები არიან. რაც შეეხება აშშ-ს, პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მათი სამიზნე 4 მსხვილი რუსული ბანკი გახდა, რომელთა საერთო აქტივები 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. პარალელურად, ბრიტანეთი ყველა მსხვილ რუსულ ბანკს გაუყინავს აქტივებს და შეზღუდვებს დააწესებს ექსპორტზეც.

გასული 24 საათის მთავარი ამბებია:

  • პუტინი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო;
  • რუსულმა ჯარებმა უკრაინას სხვადასხვა ტერიტორიიდან, მათ შორის ბელარუსიდან შეუტიეს, რასაც ლუკაშენკო უარყოფს;
  • თავდასხმა სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის, კიევის ოლქშიც მოხდა;
  • რუსებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე აეროდრომსა და აეროპორტზე;
  • რუსებმა ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური სადგური;
  • ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს;
  • უკრაინაში კომენდანტის საათი და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა;
  • უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობები გაწყვიტა;
  • ომის გასაპროტესტებლად აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, მოსკოვში გაიმართა, სადაც ასეულობით ადამიანი დააკავეს;
  • ორივე მხარეს დაიღუპა ათეულობით სამხედრო, ზუსტი რაოდენობა უცნობია;
  • რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა;
  • რუსეთის თავდასხმის შედეგად 137 უკრაინელი გარდაიცვალა, 169 დაიჭრა.

გაიგეთ მეტი: