სასულიერო პირები და თეოლოგები პატრიარქსა და წმინდა სინოდს მოუწოდებენ, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამოთქვან მკაფიო და არაორაზროვანი დამოკიდებულება. მათი თქმით, საქართველომ უნდა გაწყვიტოს კავშირი რუსეთის ეკლესიასთან, "რომელიც რუსეთის ხელისუფლების მსგავსად ანალოგიური აგრესიით პოზიციონირებს საერთო მართლმადიდებლურ სამყაროში და თავად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე".

"მოვუწოდებთ საქართველოს ეკლესიის მესვეურებს, გამოიყენონ ისტორიული შანსი, შეახსენონ დანარჩენ მსოფლიოს უკრაინის დარად საქართველოს უმძიმესი ტკივილი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სისხლიან ოკუპაციასთანაა კავშირში და ამგვარად შეუნარჩუნონ ღირსება ივერიის უძველეს საყდარსა და ქართულ საზოგადოებას", — წერია მიმართვაში.

სასულიერო პირები და თეოლოგები ამბობენ, რომ საპატრიარქომ უნდა დაგმოს მოიერიშე მხარის ინტერვენციული ქმედებები და არა უბრალოდ "საომარი ვითარებით მოსალოდნელი მსოფლიო ტრაგედია".

"ახლა, როგორც არასდროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაცია, სახელდობრ, კათოლიკოს-პატრიარქი და წმ. სინოდის ეპისკოპატი — საკუთარი სამღვდელოებითურთ ვალდებულია, დაეყრდნოს სახარებისეულ პრინციპებს, გაიაზროს ისტორიული საფუძვლები, პირუთვნელად მიუდგეს კანონიკურ ნორმებს, უარი თქვას კონიუნქტურულ არგუმენტაციაზე და გამოხატოს სრული მხარდაჭერა, როგორც უკრაინელი მართლმადიდებელი ძმების უსაფრთხოების ნაწილში, რომელიც მათ ტერიტორიულ მთლიანობას გულისხმობს, ისე დამოუკიდებელი ეკლესიის ავტოკეფალურობის საკითხშიც და შევიდეს ევქარისტიულ ერთობაში უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის პირველიერარქ — უნეტარეს მიტროპოლიტ ეპიფანესთან", — ვკითხულობთ მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

  • არქიმანდრიტი ათინოგენე (მდივანი);
  • იღუმენი დანიელი (გვილავა);
  • მღვდელმონაზონი ლუკა (იბრაგიმოვი);
  • დეკანოზი ზაზა თევზაძე;
  • დეკანოზი ილია ჭიღლაძე;
  • დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი;
  • მღვდელი მირიან მესხაძე;
  • მღვდელი გაბრიელ ღლონტი;
  • მღვდელი ილია ასათიანი;
  • მღვდელი გიორგი ღიბრაძე;
  • დიაკონი კონსტანტინე გაბისონია;
  • დიაკონი ანანია კალანდია;
  • ბერ-დიაკონი პეტრე (ღუდუშაური);
  • იღუმენია თამარი (გამყრელიძე);
  • მონაზონი მარკოზი (წულაია);
  • მონაზონი ბასილი (გვილავა);
  • მონაზონი ამბროსი (სხულუხია);
  • მონაზონი დავითი (ხელაია);
  • მონაზონი მიქაელი (ჯალაღონია);
  • მონაზონი მართა (ლაბაძე);
  • მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე);
  • თეოლოგები;
  • ბასილ კობახიძე;
  • გოჩა ბარნოვი;
  • ზურაბ ჯაში;
  • ვანო შოშიაშვილი;
  • შოთა კინწურაშვილი;
  • ზვიად ცაბაძე;
  • გიორგი ტიგინაშვილი;
  • გიორგი გეგუჩაძე;
  • რატი ბიგანიშვილი;
  • გურამ პაპავა;
  • დავით ნებიერიძე;
  • მამუკა ხითარაშვილი;
  • ლაშა ჯიხვაშვილი;
  • მიხეილ ნებიერიძე.

საპატრიარქომ დღეს ორი განცხადება გაავრცელა, თუმცა არცერთში არ უხსენებიათ რუსეთი. მათი თქმით, განვითარებული მოვლენები სერიოზული სისხლისღვრის საფრთხეს შეიცავს, თუმცა ვითარების დარეგულირების შესაძლებლობა კიდევ არის. უნდა ითქვას, რომ პატრიარქის განცხადება Twitter-ზე გავრცელდა.