პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების "დახმარების თხოვნას" ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს "ოპერაცია" არის თავდაცვა მათგან, ვინც "უკრაინა ტყვედ აიყვანა". ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ქალაქებიდან ადგილობრივები აცხადებენ, რომ გაიგეს აფეთქებების და სროლის ხმები, კერძოდ, ხარკოვში, ოდესასა და კიევში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრა დაიწყო და განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.

ვიდეომიმართვაში პუტინმა მოუწოდა უკრაინელ სამხედროებს "დროულად დაყარონ იარაღი და დაბრუნდნენ სახლში" და განაცხადა, რომ ვინც შეეცდება რუსეთს "საფრთხე შეუქმნას", მყისიერ პასუხს გასცემს, რომელიც ისტორიაში არ უნახავთ. მან ისევ შეახსენა და დაემუქრა მსოფლიოს, რომ ბირთვულ იარაღს ფლობს და განაცხადა, რომ არცერთ "პოტენციურ აგრესორს" არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ მას გაანადგურებენ.

პუტინის თქმით, იბრძოლებენ უკრაინის დემილიტარიზაციისკენ და სასამართლოს გადასცემენ ყველას, ვინ მრავალი "სისხლიანი დანაშაული" ჩაიდინა მოსახლეობის წინააღმდეგ.

"დღევანდელი მოვლენები არ უკავშირდება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესების შელახვის სურვილს, ისინი დაკავშირებულია თავად რუსეთის დაცვასთან იმათგან, ვინც უკრაინა მძევლად აიყვანეს და ცდილობს გამოიყენოს იგი ჩვენი ქვეყნისა და მისი ხალხის წინააღმდეგ", — ასე მიმართა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს.