იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ანტივაქსერული განწყობები მაღალია, ხოლო ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალი, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერულ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ვაქცინა ომიკრონზე უბრალოდ არ მუშაობს და ბუსტერს აზრი არ აქვს. მაგალითად ერთი მინისტრი მოჰყავს, მისი თმით, ის 4-ჯერ აცრილია და მაინც დაემართა ომიკრონი.

მან თქვა, რომ 2 დოზით აცრილია, თუმცა ბუსტერს არ იკეთებს, რადგან "აზრი არ აქვს. ბუსტერი კი ომიკრონის შტამს შემთხვევაში ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

"მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და რეალობის მომხრე და სიმართლის მომხრე. მოსახლეობას მე ტყუილს ვერ ვეტყვი. მანამდე მუშაობდა, სხვა შტამებზე, ომიკრონზე უბრალოდ არ მუშაობს. თუ მუშაობს არის ძალიან დაბალი პროცენტი, ვისზეც მუშაობს, ბუსტერიანზე და ა.შ.", — თქვა ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

პრემიერმინისტრმა, სანამ ანტივაქსერულ განცხადებას გააკეთებდა, თქვა რომ რატომღაც "ანტივაქსერს ეძახიან". მისი თქმით, სწორედ მან შემოიტანა ქვეყანაში ვაქცინა. ჟურნალისტმა კითხა, ხომ არ გადააფიქრებინებდა მისი ეს განცხადება მოქალაქეს, რომ აიცრას, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ არა, შემდეგ კი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ღარიბაშვილი ბუსტერის "უშედეგობაზე" საუბრობს, სახელმწიფო კი 50 წელს ზემოთ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის გაკეთებისთვის 100 უხდის.

ვაქცინაციის მნიშვნელობაში დასამტკიცებლად NCDC-ის სტატისტიკაც, საკმარისია, რომელიც აჩვენებს, რომ ვაქცინაცია, როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე, გარდაცვალების რისკებს ამცირებს.

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა 73 774 ადამიანს ჰქონდა გაკეთებული. NCDC-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად კი, მათგან მხოლოდ 6-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. ამასთან, 15 მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდის მონაცემების მიხედვით, ბუსტერ დოზა 99,78%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისა და კრიტიკული მოვლის საჭიროებისგან. NCDC-ის მიხედვით, ამავე პერიოდში, ბუსტერ დოზამ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის არიდება 99,78%-ით შეძლო.

კვლევები ადასტურებს, რომ მართალია mRNA (ფაიზერი, მოდერნა) ვაქცინის ერთი ან ორი დოზა ვერ ანეიტრალებს ომიკრონს, თუმცა მესამე დოზა იმუნური მეხსიერების გააქტიურებას ახერხებს, რითაც აძლიერებს ანტისხეულების გამანეიტრალებელ ფუნქციას და ეფექტიანად ასუსტებს კორონავირუსის ამ შტამს.

გაიგე მეტი: