ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი 27 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ნაკრებების მატჩზე დაანონსებულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს პროვოკაცია უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს "რუსული თამაშია". დეპუტატმა "მძიმე პროვოკაციების" შესახებ ბრიფინგი გამართა, მაგრამ არ უთქვამს, კონკრეტულად რას გულისხმობდა.

"ვრცელდება ინფორმაცია იმ მძიმე პროვოკაციების შესახებ, რომელიც რაგბის ეროვნული ნაკრების რუსეთის ნაკრებთან შეხვედრას უკავშირდება და რომლის ყველაზე მსუბუქი ნეგატიური შედეგი შესაძლებელია იყოს ჩვენი ნაკრების მიმართ სანქციების დაწესება. გარდა ამისა, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში, რიტორიკა და ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა რუსული თამაში, რადგან მათი ყველა ნაბიჯი საქართველოში მშვიდობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

რეგიონსა და გლობალურ დონეზე არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, ამ სიტუაციის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ნაციონალური მოძრაობა და მისი სხვადასხვა დანაყოფი უკრაინის მხარდამჭერ არცერთ ოფიციალურ დოკუმენტს არ უერთდებიან. პარალელურად, ვითომდა უკრაინის მხარდაჭერის მოტივით, სხვადასხვა მძიმე პროვოკაციის განხორციელებას გეგმავენ, რაც საქართველოში მშვიდობის და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ფსევდოპატრიოტული რუსული სცენარის ნაწილია", — ამბობს ჩიქოვანი.

მან ასევე ოპოზიციას მოუწოდა, "დროებით მაინც შეძლონ საკუთარი პარტიის ინტერესებზე მაღლა დადგომა".

რუსეთ-საქართველოს მატჩი 27 თებერვალს, 18 საათზე გაიმართება. ევროპული საქართველოს განცხადებით, მოედანზე რუსეთის ჰიმნის პარალელურად უკრაინისა და საქართველოს დროშებს გაშლიან. მათი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო მედიების ყურადღება ამ მატჩზე იქნება მიპყრობილი, ეს ქვეყნიდან მკაფიო სიგნალი იქნება. პარტიაში ამბობენ, რომ თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებისთვის დროშებს დაარიგებენ.

მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გაშლას აპირებს მოძრაობა სირცხვილიაც.

რაგბის კავშირმა თამაშის ანონსი თავიდან უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, თუმცა პოსტი აღარ იძებნება. კავშირს ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გამოუქვეყნებია.

ამავე თემაზე: