გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ 4 მარტს მთვარეს რაკეტა შეეჯახება, რომელიც, სპეციალისტთა უკანასკნელი ვარაუდით, ჩინეთის მიერ დედამიწის თანამგზავრზე მისია Chang'e 5-T1-ის ფარგლებში გაშვებული აპარატის Long March 3C ერთ-ერთი საფეხურია. ახლა კი, კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ქვეყანაში აცხადებენ, რომ ეს ბრალდება უსაფუძვლოა.

"ჩინეთის მონიტორინგის სამსახურის თანახმად, მისია Chang’e-5-ისთვის გამოყენებული რაკეტის ზედა საფეხური დედამიწის ატმოსფეროში უსაფრთხოდ შემოვიდა და სრულად დაიწვა. ჩვენი კოსმოსური სააგენტო საერთაშორისო კანონებს ყოველთვის ექვემდებარება. მთელი ძალებით ვცდილობთ, რომ კოსმოსური აქტივობების მდგრადობა ხანგრძლივ პერსპექტივაში დავიცვათ და მზად ვართ, სხვა მხარეებთან ვითანამშრომლოთ", — აცხადებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ვან ვენბინი.

შეგახსენებთ, რომ მთვარისკენ მიმავალი აპარატი თავდაპირველად ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი Falcon 9 ეგონათ, რომლის მეშვეობითაც 2015 წელს ორბიტაზე აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევების ეროვნული სამმართველოს (NOAA) კუთვნილი ობსერვატორია გაგზავნეს. თუმცა, NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში მომუშავე ჯონ ჯორჯინმა აღმოაჩინა, რომ WE0913A-ად წოდებული ობიექტის ტრაექტორია არა აღნიშნული რაკეტისას, არამედ სწორედ Long March 3C-ისას ემთხვეოდა.

ფოტო: Virtual Telescope Project

ჩინეთის მხრიდან უარყოფის მიუხედავად, WE0913A-ის ამ წარმომავლობას არიზონის უნივერსიტეტის კვლევაც ამყარებს, რომლის მიხედვითაც ობიექტის სპექტრული კვალი (რომელიც მის შემადგენლობაზე გვაწვდის ინფორმაციას) Long March 3C-ს შეესაბამება. რა თქმა უნდა, რაიმეს დაზუსტებით მტკიცება მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია, მაგრამ აქამდე მოპოვებული მონაცემების უმეტესობა ზემოხსენებული მოსაზრების სისწორეზე მიუთითებს.

WE0913A მთვარის შორეულ მხარეს თბილისის დროით 16:26 საათზე შეეჯახება, თუმცა ამას დედამიწიდან ვერ დავინახავთ. სამაგიეროდ, შესაძლებლობა გვექნება, შევისწავლოთ შედეგად გაჩენილი კრატერი, რომელიც 10-დან 20 მეტრამდე მანძილზე იქნება გადაჭიმული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.