ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია თბილისის მერის, კახა კალაძისგან ითხოვს განმარტოს, რაგბის მატჩზე უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, უკრაინის დროშების გაშლით რა სტანდარტი ირღვევა.

ბოკერიას თქმით, ეს საზოგადოების პოზიციის გამოხატვის ის ფორმაა, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება და ის არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ საბაბი ეძებონ.

"თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ უფრთხილდებიან ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან. ქალაქის მერისგან, ქართული ოცნების ლიდერისგან და ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრისგან ვითხოვთ, განმარტებას და დაზუსტებას რა სტანდარტს არღვევს ევროპული საქართველო და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინონ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე, რომელ სტანდარტს არღვევს, თუ შარზე არ არიან?" — განაცხადა მან.

რუსეთ-საქართველოს მატჩზე დაგეგმილ უკრაინის მხარდამჭერ აქტივობებზე საუბრისას კალაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკასა და სპორტს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და ისინი გამიჯნული უნდა იყოს.

რუსეთ-საქართველოს მატჩი 27 თებერვალს, 18 საათზე გაიმართება. ევროპული საქართველოს განცხადებით, მოედანზე რუსეთის ჰიმნის პარალელურად უკრაინისა და საქართველოს დროშებს გაშლიან. მათი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო მედიების ყურადღება ამ მატჩზე იქნება მიპყრობილი, ეს ქვეყნიდან მკაფიო სიგნალი იქნება. პარტიაში ამბობენ, რომ თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებისთვის დროშებს დაარიგებენ.

მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გაშლას აპირებს მოძრაობა სირცხვილიაც.