"მე აქ ბრაიან უორნერზე, მსოფლიოსთვის მერილინ მენსონად ცნობილ ადამიანზე სალაპარაკოდ ვარ", — ამბობს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი, ევან რეიჩელ ვუდი, ახალი დოკუმენტური ფილმის ტრეილერში, რომელიც HBO-მ გადაიღო.

ფილმს, რომლის პრემიერაც 2022 წლის სანდენსის კინოფესტივალზეა დაგეგმილი, ფენიქსის აღზევება (Phoenix Rising) ჰქვია. HBO-ის ცნობით, დოკუმენტურ ნამუშევარში "ოჯახში ძალადობას გადარჩენილის სამართლის ძიების, ნაიარევების მოშუშებისა და ისტორიის გამოსწორების ვუდისეული გამოცდილებაა" ნაჩვენები. ეს გამოცდილება მსახიობის თითქმის ათწლიან ურთიერთობას უკავშირდება.

ფილმის ტრეილერში ასევე ჩნდებიან ვუდის მეგობრები და ოჯახის წევრები; მათ შორის დედამისი, სარა ლინ მური, რომელიც აცხადებს, რომ ვუდის ყოფილი პარტნიორი, მერილინ მენსონი, "მტაცებელი" იყო და "მისი შვილით მანიპულირებდა".

"იგი თინეიჯერობისას დამიახლოვდა ურთიერთობის დამყარების მიზნით და მას შემდეგ, წლების განმავლობაში, საზარლად ძალადობდა ჩემზე", — განაცხადა მსახიობმა შარშან, — "ტვინის გამორეცხვით და მანიპულირებით მოახერხა, მორჩილად ვექციე. მე აღარ ვიცხოვრებ შურისძიების, ცილისწამებისა და შანტაჟის შიშით. მე მზად ვარ, გამოვააშკარავო ეს საშიში კაცი მათ წინაშე, ვინც მას გზა გაუხსნა; სანამ იგი სხვების სიცოცხლესაც გაანადგურებს. მე იმ მსხვერპლების გვერდით ვდგავარ, რომლებიც აღარ გაჩუმდებიან".

ვუდმა ცოტა ხნის წინ გაამხილა, რომ მენსონმა 2007 წელს გამოსული სიმღერის, Heart-Shaped Glasses-ის, ვიდეოკლიპის გადაღებისას გააუპატიურა. მსახიობი, რომელიც მაშინ 19 წლის იყო, იხსენებს, რომ გადასაღებ მოედანზე იმ რაოდენობის აბსენთი ჰქონდა მიღებული, გონზე ყოფნაც უჭირდა.

ფოტო: John R. Kennedy

ვუდის თქმით, ახლა თავისი მისია მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანების დახმარებაა.

"მივხვდი, რომ ერთადერთი ქალი არ ვარ, ვისაც ეს შეემთხვა", — აცხადებს მსახიობი, — "უნდა გამოირიცხოს, რომ ვინმეს მსგავსი რამ კიდევ გადახდება თავს".

სწორედ ამ მიზნით, ვუდმა მხარი დაუჭირა და თავადაც მიიღო მონაწილეობა კალიფორნიაში ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებული კანონის გამკაცრებაში.

მსახიობის გარდა, მენსონი ძალადობაში კიდევ ოთხმა ქალმა გასულ წელს დაადანაშაულა. მათ შორის ერთ-ერთი სამეფო კარის თამაშების მსახიობი, ესმე ბიანკო, იყო. მომღერალმა ბრალდებები უარყო, თუმცა, აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება დაიწყო.

დოკუმენტური ნამუშევარი ფენიქსის აღზევება HBO Max-ზე, 15 და 16 მარტს, ორ ნაწილად გამოვა.