პარტია დროას განცხადებით, საქართველომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყველა კომპონენტს.

"ეს აგრესია დაიწყო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შემოჭრით და შემდეგ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, ზუსტად იგივენაირ მეთოდებს იყენებს ახლა რუსეთი უკრაინაში და სწორედ ამიტომ დაუწესეს მას ეს სანქციები. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ლიდერები საუბრობენ სწორედ საქართველოსთან პარალელებზე. დღეს ვთლით აუცილებლად, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველომ დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ სანქციებთან დაკავშირებით", — აცხადებენ ისინი.

პარტიაში ამბობენ, რომ ეს საქართველოს უკრაინისა და ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან ერთად, მისცემს საშუალებას, რომ საქართველოში რუსეთის აგრესიაც საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი გახდეს. დროას შეფასებით, ეს იქნება ეფექტური გზა, საქართველოში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად.

გარდა ამისა, პარტიაში მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს იმ პირების სანქცირებაც, ვინც პროპაგანდისტულ ქსელს ქმნის და ტყუილებითა და ფაქტების ფაბრიკაციითაა დაკავებული.

"მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ინტენსიური კონსულტაციები ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, იმისთვის, რომ ეს სანქციები და მათი პოტენციური ნეგატიური შედეგი საქართველოს ეკონომიკაზე შერბილებული იყოს, სწორედ პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობით", — ამბობენ ისინი.

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციებს აწესებენ ავსტრალია, კანადა და იაპონიაც. სანქციები უკვე დააწესა დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჟღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ეს ქმედება დაგმო საქართველომაც.

აღიარების შემდეგ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გააგზავნიან ჯარებს.