ოკლაჰომას ერთ-ერთ საავადმყოფოში დაბადებულმა ორმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ისინი დაბადებისას პერსონალს ერთმანეთში აერია და მათ მშობლებს შვილები შეცდომით მიუყვანეს. ქალების თქმით, ამ ფაქტმა მათი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, რის გამოც საავადმყოფოს უჩივიან.

ეს ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთი ქალის შვილი დნმ-ის ტესტის პასუხით Ancestry.com-ზე დარეგისტრირდა, რათა დედის მხრიდან უფრო მეტი ნათესავი გაეცნო.

ტინა ელისი და მისი შვილი Ancestry.com-ზე დნმ-ის ტესტმა არცერთ ახლო ნათესავთან არ დააკავშირა. სამაგიეროდ, ტესტმა აჩვენა, რომ ბრისტერების ოჯახის შთამომავლები იყვნენ. მოგვიანებით ტინას დედამ გაიკეთა დნმ-ის ტესტი და გაიგო, რომ შვილთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს.

ფოტო: Reuters

ტინას შვილმა ინტერნეტში ის ქალი იპოვა, რომელიც დედამისის მსგავსად იმავე დღესა და საავადმყოფოში დაიბადა. როცა ქალის ფოტო თავის ბებიას აჩვენა, ფიზიკური მსგავსება აშკარა იყო და ასე გაირკვა, რომ საავადმყოფოში 57 წლის წინ ბავშვები ერთმანეთში აერიათ. ტინას შვილის მიერ ნაპოვნმა ქალმა, სახელად ჯილმა, ასევე ჩაიტარა დნმ-ის ტესტი და Ancestry.com-მა ის სწორედ ტინას დედასთან დააკავშირა.

ფოტო: Reuters

ტინა და ჯილი ახლა იმ საავადმყოფოს უჩივიან, რომელშიც დაიბადნენ. მათი ადვოკატი საავადმყოფოს პერსონალს დაუდევრობაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც ტინასა და ჯილს ემოციური ზიანი მიაყენეს.

საავადმყოფო, რომელშიც ტინა და ჯილი დაიბადნენ, 1975 წელს სხვა საავადმყოფოებს შეუერთდა. დღეს კი მათი წარმომადგენელი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ის საავადმყოფო აღარ არის, რომელშიც ბავშვები აერიათ. საავადმყოფოს განცხადებით, ექიმები, რომლებმაც ჯინასა და ტინას დედების მშობიარობაში მიიღეს მონაწილეობა, უკვე გარდაცვლილები არიან.

ფოტო: Reuters

"დიდი ხანი საკუთარ ემოციებში ვერ ვერკვეოდი, რადგან ადამიანისთვის ამ ყველაფრის გაცნობიერება ძალიან რთულია. მთელი ცხოვრება ვიცოდი, თუ ვინ იყო დედაჩემი, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვა დედა მყოლია", — ამბობს ჯილ ლოპესი.