რუსული პროპაგანდა და კრემლის აქტორების მოქმედება კარგად ნაცნობია, როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის მოქალაქეებისთვის და ვიცით, რომ ისინი განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებიან, როცა კრემლი სადმე კრიზისულ სიტუაციას ქმნის. რა თქმა უნდა, ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც.

სანამ ვლადიმერ პუტინი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებს, დონეცკსა და ლუგანსკს "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" გამოაცხადებდა, კრემლის მფლობელობაში მყოფი და პროკრემლისტური მედიები ავრცელებდნენ ნარატივს, თითქოს უკრაინა დონბასსა და რუსეთზე თავდასხმისთვის ემზადებოდა. რუსების ტაქტიკა მიზანში იღებდა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე ყველა მოვლენას და კრემლის ინტერესების შესაბამისად ფუთავდა.

როგორ მოქმედებდნენ რუსული ონლაინმედიები

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია (DFRLab) სხვადასხვა რუსული ონლაინგამოცემის გაშუქებულ მასალებს აკვირდებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის იანვრამდე უკრაინის თავდასხმის ნარატივი მკვეთრად, 2022 წლის იანვარში კი თითქმის 50%-ით გაიზარდა.

DFRLab აკვირდებოდა თხრობის სტილსაც და გამოავლინეს, რომ ზოგიერთ სტატიაში უკრაინას ადანაშაულებდნენ კონფლიქტის ან თავდასხმის პროვოცირებაში, ზოგში კი NATO-ს და დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ სტატიების ნაწილი წერდა, თითქოს უკრაინა თავს დაესხმებოდა დონბასს, სხვები მის სამიზნედ რუსეთს ასახლებდნენ.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სტატიები, რომლებშიც უკრიანას "პროვოკაციას ან თავდასხმას" აბრალებდნენ, ეყრდნობოდა შემდეგ წყაროებს:

  • რუსეთის ხელისუფლების განცხადებები;
  • დონბასის რეგიონის ე.წ. ხელისუფლების განცხადებები;
  • ინტერვიუები რუს პოლიტიკურ კომენტატორებთან.

როდის აქტიურდებოდა კრემლის ნარატივები

სამთვიანი დაკვირვების პერიოდში რუსული მედიების პროკრემლისტური ნარატივი სულ უფრო მტრული ხდებოდა, მათი ფანტაზია კი მრავალფეროვანი. მაგალითად:

  • 2021 წლის ნოემბერში ისინი წერდნენ, რომ კიევი არღვევდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და შესაძლებელი იყო უკრაინის თავდასხმა დონბასზე;
  • 2021 წლის დეკემბერში გამოშვებებმა დაადანაშაულეს შეერთებული შტატები ექსტრემისტების მომზადებაში დონბასზე თავდასხმის მიზნით;
  • 2022 წლის იანვარში კი უფრო ღრმად შეტოპეს და დაწერეს, რომ უკრაინამ შესაძლოა მოაწყოს ქიმიური თავდასხმა დონბასზე და ეს სეპარატისტულ ხელისუფლებას დააბრალოს.

ნარატივის გამავრცელებელი 317 სტატიიდან 151 2022 წლის იანვარში გამოქვეყნდა.

ხაზოვანი დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობას დღეების მიხედვით

ფოტო: Esteban Ponce de León / DFRLab

DFRLab-მა გამოავლინა დღეებიც, როცა პროკრემლისტური ნარატივი მნიშვნელოვნად იზრდებოდა და თარიღები უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეადარა.

  • აზოვის ზღვაში კრიზისის მოწყობის შესაძლო მცდელობისას, რუსეთის ფედერალურმა უშიშროების სააგენტომ განაცხადა, რომ უკრაინული ხომალდი ქერჩის სრუტისკენ მიიწევდა, უგულებელყოფდა რუსეთის სანაპირო დაცვის გემების სიგნალებს და "სახიფათო იყო საზღვაო უსაფრთხოებისთვის". კიევმა ბრალდება უარყო და თქვა, რომ ხომალდი უკრაინის საზღვაო საზღვრების მიმდებარედ მოძრაობდა. რუსეთის ცრუ ბრალდებებს გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოც კიევში და ის შეაფასა როგორც ყურადღების გადატანის ტაქტიკა. ანტიუკრაინული ნარატივი გამოყენებულია თვრამეტ სტატიაში, რომლებიც 2021 წლის 10 დეკემბერს გამოქვეყნდა.
  • New York Times იტყობინებოდა, რომ აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ გაგზავნეს კიბერ ომის ექსპერტები უკრაინაში, რათა "უკრაინას დაეხმარონ რუსეთის შემდგომ ნაბიჯებთან უკეთ გამკლავებაში". ამ შემთხვევაში რუსულმა მედიებმა პროკლემლისტური ნარატივი თვრამეტ სტატიაში გამოიყენეს, რომლებიც 2021 წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნდა.
  • დიდი ბრიტანეთი იტყობინებოდა კრემლის გეგმის შესახებ, რაც უკრაინაში პრორუსული მთავრობის დანიშვნას გულისხმობდა. ხოლო, გერმანიის საზღვაო ძალების მეთაურმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა არასოდეს დაიბრუნებს ყირიმს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "პატივს იმსახურებს". ეს ნარატივი მოხსენიებულია 20 რუსულ სტატიაში, რომლებიც 2022 წლის 23 იანვარს გამოქვეყნდა.
  • ევროკავშირმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთს "აქამდე არნახული" სანქციები დაუწესონ, თუ ის უკრაინაში შეიჭრება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება საელჩოს თანამშრომლების და ოჯახის წევრების გასვლის შესახებ არის "ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითი". ამ თემასთან დაკავშირებით ნარატივი გამოყენებულია თვრამეტ სტატიაში, რომლებიც 2022 წლის 24 იანვარს გამოქვეყნდა.
  • აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ განიხილავს ვლადიმერ პუტინისთვის პირადი სანქციების დაწესებას, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში. ხოლო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, აშშ-მ განუცხადა ბელარუსს, რომ თუ დაუშვებს მისი ტერიტორიის გამოყენებას უკრაინაზე თავდასხმისთვის, მას მოყვება სწრაფი და გადამწყვეტი პასუხი აშშ-სა და მოკავშირეებისგან. ამ შემთხვევაში ნარატივი გამოყენებულია 2022 წლის 26-28 იანვარს გამოქვეყნებულ 79 სტატიაში.

იმისათვის, რომ უკეთ გაეგოთ, როგორ ავრცელებდნენ ონლაინგამოცემები თხრობის ვერსიებს, DFRLab-მა 317 სტატიის სათაური და ტექსტი "სიტყვების ხეში" მოაქცია. მისი მოქმედების პრინციპი შემდეგია: კონკრეტული საკვანძო სიტყვები უკავშირდება ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვებს. მაგალითად, საკვანძო სიტყვა нападения (თავდასხმა) დაკავშირებული იყო "რუსეთთან", "დონბასთან", "ყირიმთან" და "უკრაინასთან".

სიტყვების ხე, რომელიც ეფუძნება სტატიის სათაურებსა და ტერმინ нападения-ს (შეტევა) გამოყენეას.

ფოტო: Esteban Ponce de León / DFRLab via jasondavies.com

нападения-ს მსგავსად სხვა სიტყვები, наступления (შეტევა) და провокация (პროვოკაცია), ასევე გამოიყენებოდა მსგავს კონტექსტში.

მეთოდოლოგია

DFRLab-ის კვლევაში მოხვდა 10 ონლაინგამოცემა, რომლებიც კრემლის მფლობელობაში არიან ან პროკრემლისტური პროპაგანდის გავრცელების დიდი ისტორია აქვთ. ესენი არიან: Ria, Russian.RT, Vesti, Vz, Iz, Mk, Lenta, Gazeta, Rbc და Tsargrad.

კვლევის ფარგლებში შეირჩა ექვსი რუსული საკვანძო სიტყვა. საერთო ჯამში, გამოყენებულ იქნა სიტყვათა რვა კომბინაცია.

ცხრილი აჩვენებს საკვანძო სიტყვებს, რომლებიც გამოიყენება რუსული სტატიების მონაცემთა ბაზის შესაქმნელად

ფოტო: Eto Buziashvili / DFRLab

დაკვირვება მიმდინარეობდა 2021 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2022 წლის 28 იანვრამდე.