მუზეუმში თამაში და სირბილი ვის გაუგია?! რას ნიშნავს ფიზიკის ექსპონატი?! ქიმია და შოუ?! როგორ შეიძლება ექსპონატებთან შეხება?! თუ ეს კითხვები ადეკვატურად გეჩვენებათ, ეს სტატია უნდა წაიკითხოთ, რადგან თქვენი წარმოდგენების შეცვლა განვიზრახეთ, ისევე, როგორც ამას ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმი "ექსპერიმენტორიუმი" ახერხებს.

როცა 2016 წელს თბილისში უჩვეულო მუზეუმი ექსპერიმენტორიუმი გაიხსნა, უფრო მეტი ადამიანი სვამდა კითხვებს, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, რადგან ამ დროისთვის საქართველოში ეს პირველი ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმი იყო.

ახლა კი, აქ არ არიან დამთვალიერებლები, არც ექსპონატის წინ რამდენიმეწუთიან ჩაფიქრებას ელოდება თქვენგან ვინმე. აქ მეცნიერების საკუთარ თავზე გამოცდის მსურველები მოდიან. აქ ექსპონატების თქვენგან დაცვას არავინ ცდილობს, პირიქით, ისინი თქვენთან ინტერაქციას ელოდებიან. რადგან "ექსპერიმენტორიუმის" მიზანი ექსპერიმენტების სამყაროთი ახალი თაობების დაინტერესება, მეცნიერების პოპულარიზაცია და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

რა გველოდება "ექსპერიმენტორიუმში"

დღეს "ექსპერიმენტორიუმში" წარმოდგენილია ფიზიკის 80-მდე ინტერაქტიული ექსპონატი, რომლებიც მექანიკის, ენერგიის, ბგერისა თუ ოპტიკის ვიზუალიზაციას ახერხებენ. ადგილზეა ქიმიის ლაბორატორიაც, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქიმიური ცდების ჩატარებაში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მხოლოდ ინტერაქტიული მუზეუმი. ეს სივრცე სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამებსაც სთავაზობს, ისევე როგორც სხვადასხვა მნიშვნელოვანი დღის ამ სამეცნიერო გარემოში აღნიშვნას. მოგეხსენებათ, ფიზიკისა და ქიმიის კანონების ახსნას აქ გართობის ფორმა აქვს, შესაბამისად, აქ მეცნიერებით დაინტერესებულ ბავშვებს შემეცნებითი დაბადების დღეების გადახდაც შეუძლიათ და მეცნიერებით სხვა ბავშვების დაინტერესებაში მონაწილეობაც.

"მოქმედებს მუზეუმის სკოლა ფიზიკასა და ქიმიაში, არდადეგების პერიოდში კი — ჰოგვორტსის სკოლა. მეცნიერული კულინარია ყველა ასაკის ვიზიტორის საყვარელი პროგრამაა, რომლიც დროსაც მონაწილეები თავად ამზადებენ თხევადი აზოტით ნაყინს, მაშმელოუს და ტკბილეულს და შემდეგ მიირთმევენ. ხოლო მათთვის, ვინც მუზეუმში მოსვლას ვერ ახერხებს, სახლში ან ღონისძიებაზე მუზეუმის სამეცნიერო შოუს გამოძახებაც შეუძლიათ", — ამბობს თათია გაგუა, მუზეუმის ერთ-ერთი მმართველი.

ასაკს მნიშვნელობა არ აქვს

დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ ეს სივრცე ახალი თაობების მეცნიერებით დაინტერესებას ისახავს მიზნად და ეს სწორედ ასეა. რა გასაკვირია და სამეცნიერო მუზეუმს ყველაზე ხშირად საზოგადოების ყველაზე ცნობისმოყვარე წევრები — ბავშვები სტუმრობენ. ისინი ვიზიტორების სრულ უმრავლესობას შეადგენენ. თუმცა, სამეცნიერო თავგადასავალში ჩაბმის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის, რადგან მეცნიერებით დაინტერესება გვიან არასდროს არის.

"ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სამეცნიერო მუზეუმებში და ჩემი აზრით, სხვა ყველა მუზეუმშიც, ერთხელ სტუმრობა საკმარისი არ არის. ეს არის არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც საჭიროა დაკვირვება, მსჯელობა, მოვლენების ანალიზი, შეკითხვების დასმა და პასუხების გაცემა, რასაც დრო და შესაბამისად მუზეუმში ხშირი ვიზიტი სჭირდება", — თათია გაგუა.

დიდი და პატარა ექსპერიმენტები

მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ინტერნეტში უამრავი ექსპერიმენტის ნახვა შეუძლიათ, თუმცა, დაგვეთანხმებით, საქართველოში ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ამ ექსპერიმენტების საკუთარი ხელებით გამეორება იქნებოდა შესაძლებელი. "ექსპერიმენტორიუმი" ამ ოცნებას არაერთ ბავშვსა და ზრდასრულს უსრულებს, თან საკმაოდ მასშტაბური ექსპერიმენტების სახითაც.

"სანახაობრივი ელემენტებით ჩატარებული ქიმიური ექსპერიმენტები ძალიან პოპულარულია. თხევადი აზოტის აფეთქება და უზარმაზარი ფერადი ქაფები ყველა ასაკის ვიზოტორს უფართოვებს თვალებს", — ამბობს თათია გოგუა.

როგორც "ექსპერიმენტორიუმში" გვიყვებიან, ძალიან ხშირად აქ მხოლოდ ქიმიური ცდების ინტერესით მოდიან, რადგან ეს სწორედ ისაა, რასაც ინტერნეტში მრავლად ნახავთ. თუმცა, ლაბორატორიასთან ერთად ამ სივრცეში ერთი შეხედვით უცნაური და გაუგებარი ექსპონატებიც მრავლადაა. მაგალითად, “ლურსმნებიანი სკამი”, “ნიუტონის ქანქარა”, “მაქსველის ქანქარა”, “ტესლას სფერო”, “ვუდის ყუთი”. მაგრამ მათ ფუნქციასა და მნიშვნელობას მუზეუმის გუნდი თითოეულ სტუმარს გულდასმით უხსნის და იმის საშუალებასაც აძლევს, რომ საკუთარ თავზე გამოცადონ.

"ექსპერიმენტორიუმის" გუნდი

ლოგიკურია, რომ ინტერაქტიულ სამეცნიერო მუზეუმში მუშაობა სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. მეტიც, საჭიროა ამ ცოდნის სხვებისთვის გადაცემის უნარი და სურვილი. შესაბამისად, აქ მისულს ექსპონატების გვერდით მეცნიერების პოპულარიზაციის იდეით გულანთებული პროფესიონალები დაგხვდებიან.

"სამეცნიერო მუზეუმში მუშაობის გამოცდილებაზე საუბრისას, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სპეციფიკის გათვალისწინება, რაც ინტერაქტიულ სამეცნიერო მუზეუმს აქვს. მაგალითად, ეს არ არის კლასიკური მუზეუმი უზარმაზარი ფონდსაცავებითა და ხელშეუხებელი კოლექციებით.

სამეცნიერო მუზეუმის მუშაობა მასში წარმოდგენილი ინტერაქტიული ექსპოზიციისა და საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, სრულად არის დამოკიდებული გუნდზე. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სწორი გუნდის ჩამოყალიბებას და ამაში ნამდვილად ყოველთვის გვიმართლებს. ვინაიდან, სამეცნიერო დარგების ყველასთვის გასაგები ენით მიწოდებას ვცდილობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი კომპეტენტურმა ადამიანებმა აკეთონ. სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო მიმართულებით ჩვენი თანამშრომლების სრული უმრავლესობა (ყოფილიც და დღევანდელიც) ქიმიკოსები და ფიზიკოსები არიან, რომლებსაც ძალიან უყვართ და სიამოვნებას ანიჭებთ საკუთარი საქმე", — ამბობს თათია გაგუა.

როგორი შეიძლება იყოს “ექსპერიმენტორიუმი” მომავალში

ინტერაქტიული სამეცნიერო მუზეუმი თბილისში უკვე ექვსი წელია ფუნქციონირებს. ეს კი საკმაო დროა სფეროში ღირებული გამოცდილების დასაგროვებლად. როგორც თათია გაგუა გვიყვება, მუზეუმის თითოეული თანამშრომელი მუდმივ დიალოგშია ვიზიტორებთან, რათა მათი უკუკავშირი გაითვალისწინონ და მუზეუმში ყოფნის გამოცდილება კიდევ უფრო მოარგონ სტუმრების საჭიროებებსა და სურვილებს.

"ექვსი წელის განმავლობაში ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოცდილება მივიღეთ. მუდმივად ვცდილობთ დიალოგში ვიყოთ ვიზიტორებთან და გავიგოთ რა მოეწონათ, რა გაიგეს, რას შეცვლიდნენ ან გამოასწორებდნენ მუზეუმში. განსაკუთრებული სიფრთხილითა და გულისყურით ვეკიდებით ბავშვების უკუკავშირს, ისინი არასდროს ცდებიან. ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ მუზეუმში მათი რჩევებისა და სურვილების გათვალისწინებით. ისიც ვიცით, რომ ჩვენგან ბევრ სიახლეს ელიან და იმედებს არც ახლა გავუცრუვებთ".

მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო მუზეუმით დაინტერესება წლების განმავლობაში მზარდი იყო, პანდემიამ მაინც მნიშვნელოვნად იმოქმედა მისი განვითარების დინამიკაზე. თუმცა, "ექსპერიმენტორიუმი" აქტიურ ფუნქციონირებას განაგრძობს და ცდილობს, რეგიონებამდეც მიიტანოს ის სამეცნიერო გამოცდილება, რასაც თბილისში, ინტერაქტიულ მუზეუმში მისულ ბავშვებს უნაწილებს.

საქართველოს მასშტაბით პოტენციური მოგზაურობის, შემეცნებითი კურსებისა და ღონისძიებების პარალელურად, "ექსპერიმენტორიუმი" რჩება ინტერაქტიულ მუზეუმად, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისვლა, სამეცნიერო ინტერესის ექსპონატებთან ურთიერთობით გაღვივება და ცნობისმოყვარე ბავშვად ქცევა. ბავშვად, რომელსაც თამაშ-თამაშ, სამყაროს მუშაობის პრინციპებს უხსნიან.