ევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკეbად" აღიარებას მხარი დაუჭირეს, ასევე, 27 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციებს უწესებს.

"დღეს ჩვენ ერთსულოვნად ვთანხმდებით რუსეთის უკანონო ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ მტკიცედ ვუპასუხოთ.

ევროკავშირის სანქციების პაკეტი შეეხება რუსული დუმის 351 წევრს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკევად" აღიარებას მხარი დაუჭირეს", — წერს ბორელი ტვიტერზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჟღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ეს ქმედება დაგმო საქართველომაც.

აღიარების შემდეგ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გააგზავნიან ჯარებს.