გირჩი-მეტი თავისუფლება პარლამენტს მოუწოდებს, რომ ვინც დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებში" რუსეთიდან უკანონოდ შევა, საქართველოში შემოსვლის უფლება არ მიეცეთ.

"საქართველოს პარლამენტი, ვინც ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბიკებში რუსეთის მხრიდან უკანონოდ შევა, დაასანქციეთ და იგივე რეჟიმში მოაქციეთ, რა რეჟიმიც ვრცელდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთიდან უკანონოდ შემოსულებზე, ანუ არ შემოვუშვათ საქართველოში", — აცხადებენ ისინი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჟღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ეს ქმედება დაგმო საქართველომაც.

აღიარების შემდეგ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გააგზავნიან ჯარებს.