განათლების სამინისტროს განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება.

"უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება, მათ შორის, თერმოსკრინინგის, დეზობარიერებისა და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება. ასევე, ძალაში რჩება პირბადეების ტარების წესი. გარდა ამისა, უწყვეტად გაგრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა Covid-19-ზე სავალდებულო ტესტირება", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი და აუცრელი მასწავლებლები კი კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტით. მათივე თქმით, სკოლები სრულადაა უზრუნველყოფილი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერით.

22 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 101 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 14 764, ხოლო გარდაიცვალა 45 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: