გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების საპასუხოდ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესს აჩერებს.

"ეს ჟღერს ტექნიკურად, თუმცა აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია იმისა, რომ არ იქნება გაზსადენის სერტიფიცირება და ამის გარეშე Nord Stream 2 ვერ დაიწყებს მუშაობას", — განაცხადა კანცლერმა.

გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა პროექტს გერმანიის ხელისუფლებისგან მარეგულირებელი სერთიფიკაცი სჭირდება, რათა გაზის მიწოდება შეძლონ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 8 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში გაზსადენი შეჩერდებოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჟღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ეს ქმედება დაგმო საქართველომაც.

აღიარების შემდეგ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გააგზავნიან ჯარებს.