მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმეთვიანი მითქმა-მოთქმისა თუ განხილვის შემდეგ, Apple-ის გაფართოებული და ვირტუალური, ანუ შერეული რეალობის ახალი სათვალის ტესტირება დასრულდა.

ინოვაციური მოწყობილობის გამოცდის მიზანი იმაში დარწმუნება იყო, რომ მისი დიზაინი მსოფლიოში სახელგანთქმული ტექნოლოგიური კომპანიის სტანდარტებს შეესაბამებოდა. ამ სიახლის შესახებ Apple-ის სათვალის კომპონენტების ერთ-ერთი მომწოდებლისგან შევიტყვეთ.

ცნობილი გახდა ისიც, რომ პროდუქტს, სავარაუდოდ, 2022 წელს გამოუშვებენ, თუმცა ზოგიერთ ექსპერტს ამაში ეჭვი ეპარება. მათი აზრით, ხელისშემშლელი ფაქტორი წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კორონავირუსის პანდემია თითქმის ყველა სექტორში, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში, მომარაგების ხარვეზებს იწვევს, რამაც შესაძლოა, უკანასკნელ შემთხვევაშიც იქონიოს გავლენა.

ფოტო: Ian Zelbo

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ Apple-ს შერეული რეალობის ახალი სათვალე 2022 წლის ბოლოდან 2023 წლის შუა პერიოდამდე ვიხილოთ. წინასწარი მონაცემებით, ის 3 000 აშშ დოლარი ეღირება. მოწყობილობა საკმაოდ მსუბუქი იქნება, 8K გარჩევადობის მქონე ეკრანითა და Apple silicon-ით აღიჭურვება, ასევე, realityOS-ის ოპერატიულ სისტემაზე იმუშავებს.

შეგახსენებთ. რომ Apple თანამედროვე მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობასა და ვირტუალური რეალობის განვითარებას ცდილობს, რომელიც ბოლო დროს ძალზე პოპულარული გახდა. იგივე შეიძლება ითქვას კომპანია Meta-ზე, რომელსაც მეტავერსის შექმნა სურს. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე წელში მსგავსი გაჯეტები უკვე მრავლად გვექნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.