სასამართლო სხდომაზე, სადაც 5 ივლისს მედიაზე ძალადობის საქმეს განიხილავენ, ბრალდებული ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას დაემუქრა. წვერავა ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებიდან, რომლებიც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდნენ.

სხდომაზე წვერავამ ძალადობრივი განცხადებების ავტორები "არაკაცებად" მოიხსენია, რის გამოც ბრალდებულმა აგრესია გამოხატა და თქვა: "აი, ამ ვიგინდარას რომ შემოარტყამ მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის ანგელოზი".

"გამომიშვით 1 წუთი და დამიმატეთ მერე 6 წელი რა, მიმიშვით ერთი ამ არაკაცთან. მოდის და არაკაცს გვიწოდებს. არაკაცებს არ ვაშუქებთ და იმას არ ვაკეთებთ. 7-8 თვეა, აი, ასეთი პიროვნებების გამო მამყოფებთ ციხეში. მოდის კიდე სასამართლოში, 9 თვეა ციხეში ვზივარ და კიდე არაკაცს მიწოდებს", — თქვა მან.

მოსამართლემ ბრალდებულს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ჟურნალისტს კი უთხრა რო "კორექტული ყოფილყო", თუმცა რამდენიმე წუთით სხდომა ხმაურის და ბრალდებულის ყვირილის ფონზე გაგრძელდა.

ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფის წევრებმა 5 ივლისს გამართულ ძალადობრივ კონტრაქციაზე სცემეს. ჟურნალისტის თქმით, მას სასულიერო პირები ურტყამდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. სრულად დაიმტვრა ტექნიკაც.

5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურნალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლისს გარდაიცვალა.