2022 წელი კულტურის სფეროსა და გასართობ ინდუსტრიაში უამრავ სიახლეს გვპირდება. სტუდიებმა თუ სტრიმინგ პლატფორმებმა უკვე დააანონსეს ის ნამუშევრები, რომელთა ნახვის შესაძლებლობა მიმდინარე წელს გვექნება. მათი ერთი ნაწილი სრულიად ახალ თავგადასავლებს გვთავაზობს, ხოლო მეორე ნაწილი კი საყვარელი ისტორიებით ხელახლა ტკბობის შესაძლებლობას გვპირდება.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ძველი და კარგად ნაცნობი ისტორიებისა და პერსონაჟების თავგადასავლების გაგრძელებას, რომელთაც 2022 წელს სულმოუთქმელად ველით:

1. Fantastic Beasts: The Secrets of Dumbledore / ჯადოსნური ცხოველები: დამბლდორის საიდუმლოებანი

დამბლდორის საიდუმლოებანი 5-ნაწილიანი ჯადოსნური ცხოველების სერიაში რიგით მესამე ფილმია. მართალია, სერია ჰარი პოტერის ფილმებს ვერ შეედრება, თუმცა ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა ზედმეტი არასდროსაა. თანაც ფილმში გრინდელვანდის როლში მადს მიკელსენსაც ვიხილავთ. ფილმის პრემიერა 8 აპრილსაა დაგეგმილი.

2. Doctor Strange in the Multiverse of Madness

როგორც ჩანს, სპაიდერმენის შემდეგ დოქტორი სტრეინჯის ახალ ფილმში მულტისამყაროს კიდევ უფრო კარგად გავიცნობთ. სხვა პერსონაჟებთან ერთად ფილმში ვანდა მაქსიმოფსაც ვიხილავთ. როგორც ტრეილერიდან ჩანს, წინ ჩახლართული და დაუვიწყარი თავგადასავალი გველის. დოქტორი სტრეინჯი ახალი ფილმით 6 მაისს დაბრუნდება.

3. Legally Blonde 3 / ქერათმიანი ადვოკატი 3

რიზ უიზერსპუნი ჩვენი საყვარელი ელ ვუდსის როლს ხელახლა მოირგებს, შესაბამისად იურიდიულ სამყაროში მოდური ტანსაცმლითა და ვარდისფერი ფერით ამაყად შებიჯების დროა! ქერათმიან ადვოკატს კინოთეატრებში 22 მაისიდან ვიხილავთ.

4. Jurassic World: Dominion / იურული პერიოდის პარკი

თუ წარსულში მოგზაურობა და დინოზავრები მოგენატრათ, იურული პერიოდის პარკი ახალი ფილმით ბრუნდება, რომლის ნახვას 10 ივნისიდან შეძლებთ.

5. Minions: The Rise Of Gru / მინიონები: გრუს აღზევება

ახალი ანიმაცია პატარა გრუს ისტორიასა და მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებებზე გვიყვება. რა თქმა უნდა, გრუსთან ერთად ჩვენს საყვარელ მინიონებსაც ვიხილავთ! ანიმაციის პრემიერა 1-ელ ივლისსაა დაგეგმილი.

6. Thor: Love and Thunder / თორი: სიყვარული და ქუხილი

მარველის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, თორი ახალი თავგადასავლით ბრუნდება. ახალი ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება თავად კრის ჰემსვორტის გარდა, ფილმის რეჟისორი ტაიკა ვაიტიტია, რომელიც იმედს არასდროს გვიცრუებს. თორის ახალი ფილმის პრემიერა 8 ივლისსაა დაგეგმილი.

7. Spider-Man: Across the Spider-Verse - Part One

სპაიდერმენის ეკრანებზე გამოჩენა იმედს არასდროს გვიცრუებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე მაილს მორალესსა და სპაიდერვერსის დაუვიწყარ ანიმაციას ეხება! მაილსის ახალ თავგადასავალს კინოთეატრებში 7 ოქტომბრიდან ვიხილავთ.

8. Black Panther: Wakanda Forever

მარველის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორია ჩედვიკ ბოუზმენის გარეშე გაგრძელდება. ფილმის შესახებ კონკრეტული დეტალები ცნობილი არაა. პრემიერა 11 ნოემბერსაა დაგეგმილი.

9. Avatar 2 / ავატარი 2

ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი — ეს ტიტული უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ჯეიმს კამერონის გახმაურებული ნამუშევრის მეორე ნაწილს დიდი ენთუზიაზმით დაველოდოთ. ფილმის პრემიერა 16 დეკემბერს შედგება.

10. Aquaman and the Lost Kingdom

ჯეისონ მომოა, ნიკოლ კიდმანი, ამბერ ჰერდი, უილემ დეფო და სხვა ვარსკვლავები აკვამენის ახალი ფილმით 2022 წლის ბოლოს — 16 დეკემბერს დაბრუნდებიან.

ამავე თემაზე: