ქურთი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც საკუთარმა ძმამ გასულ თვეში მოკლა, ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში ემალებოდა. ამას ტრანსგენდერი დოსკი ასადის მეგობრები აცხადებენ და დასძენენ, რომ საკუთარი ოჯახი ქალს ბევრჯერ დაემუქრა.

3 კვირის წინ თხრილში იპოვეს ტრანსგენდერი ქალის ცხედარი, რომელსაც ხელები შეკრული ჰქონდა და ორი ტყვიის კვალი ემჩნეოდა. პოლიციამ ქალის ძმის დაკავების ორდერი უკვე გასცა, თუმცა მან გერმანიაში გაქცევა და მიმალვა მოასწრო.

23 წლის ასადი ნიჭიერი ვიზაჟისტი იყო, რომელიც თავს სწორედ ამ საქმიანობით ირჩენდა მას შემდეგ, რაც საკუთარმა ოჯახმა ზურგი აქცია. თავდაპირველად ტრანსგენდერი ქალი პატარძლების სახლებში დადიოდა და მათ საქორწინო მაკიაჟს უკეთებდა, შემდეგ კი ასადს წარმატებულ სალონში შესთავაზეს მუშაობა.

ფოტო: Instagram

"მარტო ცხოვრობდა, რადგან ოჯახმა გამოაგდო. როცა საკუთარ სახლში მივიდა, ოჯახის წევრებმა არ შეუშვეს და მოკვლითაც დაემუქრნენ ", — ამბობს ტრანსგენდერი ქალის ერთ-ერთი მეგობარი. პოლიციის განცხადებით, ასადი ერთ-ერთმა ძმამ მოკლა, რაც ზოგიერთმა ადგილობრივმა მედიამ "ღირსების მკვლელობად" შეაფასა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქურთი ტრანსგენდერი ქალი საკუთარმა ოჯახმა მოკლა და იგივე გასულ წელსაც მოხდა. ადგილობრივი LGBTQ+ უფლებადამცველები ღიად საუბრობენ იმის შესახებ, რომ რეგიონში სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების რიცხვი მკვეთრად იზრდება.