ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებს გმობს და აცხადებს, რომ ეს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

"მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობის რღვევისა, არამედ, საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლისკენ. აღნიშნული ქმედება არის პუტინის მილიტარისტული ექსპანსიონიზმის გაგრძელება, რისი ნაწილიც არის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია, საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობითი ოკუპაცია, 2014 წელს ყირიმის ანექსია, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ენმ სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და აღნიშნავს, რომ უკრაინა-საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და თავად ირჩევენ, რომელ საერთაშორისო ალიანსებში გაერთიანდებიან.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პუტინის არაკანონიერ და აგრესიულ ქმედებებს მოჰყვება დასავლური სახელმწიფოების გადამწყვეტი და მყისიერი რეაგირება. თავისუფალი სამყაროს კოორდინირებულ პასუხი — რუსეთის წინააღმდეგ დაუყოვნებლივი, ყოვლისმომცველი სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება გამოიწვევს აღიარების საფრთხეების მინიმიზაციას, შეაკავებს რუსეთის სამხედრო აგრესიას და შექმნის წინაპირობას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის", — ამბობენ ენმ-ში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჟღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. ეს ქმედება დაგმო საქართველომაც.

აღიარების შემდეგ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გააგზავნიან ჯარებს.