ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული "რესპუბლიკების" აღიარება საერთაშორისო სამართლის მიუღებელი დარღვევაა. მისი თქმით, ეს ასევე ნიშნავს მინსკის შეთანხმებებიდან ცალმხრივ გამოსვლას.

ნაუსედა აცახდებს, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები თვითგამოცხადებული ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. პუტინმა ეს გადწყვეტილება უკრაინის "აგრესიით" ახსნა და გასამართლებლად არაერთი პროპაგანდისტული მესიჯი გააჯღერა. მან უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს. პუტინის გადწყვეტილება მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა, რასაც უკვე გამოეხმაურენ მსოფლიო ლიდერები.

პუტინის გადაწყვეტილება დაგმო საქართველომაც. ტვიტერზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება 2008 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების სცენარია. საქართველოს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ეს ქმედებები იმეორებს სცენარს, რამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.

გაიგეთ მეტი: