NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებას გმობს და აცხადებს, რომ ეს მინსკის შეთანხმებას არღვევს.

"ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას, რომ აღიაროს თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა". ეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ უფრო უთხრის ძირს, კონფლიქტის მოგვარებისკენ ძალისხმევას სპობს და არღვევს მინსკის შეთანხმებას, რომლის მხარეც რუსეთია", — აცხადებს ის.

მისი თქმით, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია, ხოლო მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით.

"NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები რუსეთს რაც შეიძლება მკაცრად მოუწოდებენ, რომ დიპლომატიის გზა აირჩიოს, შეცვალოს თავისი მასიური სამხედრო მობილიზება უკრაინაში, საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაიყვანოს მისი ჯარები უკრაინიდან", — წერს ის.

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებად მოიხსენიებენ თავს, დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. ამ "თხოვნით" პუტინს თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა და რუსეთის დუმის დეპუტატებმა მიმართეს.

პუტინმა პროპაგანდისტული მესიჯებით გაჯერებულ ბრიფინგზე მიმართა უკრაინის ხელისუფლებასაც და მოუწოდა, რომ "დროულად შეწყვიტონ სამხედრო ქმედებები", წინააღმდეგ შემთხვევაში კი "ნებისმიერ სისხლისღვრაზე" პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

ბრიფინგის დროს ის ამბობდა, რომ უკრაინის სახელმწიფო რუსეთმა შექმნა და საუბრობდა "საერთო წარსულზე" და იმაზე, რომ უკრაინა არამხოლოდ მეზობელი ქვეყანა, არამედ "განუყოფელი ნაწილია". რა თქმა უნდა, გააჟღერა პროპაგანდა და თეორიები იმაზეც, რომ ნატოში შესვლის შემთხვევაში უკრაინა დაიწყებს ომს, რომელიც მთელ ევროპას მოიცავს და ისევ დაადანაშაულა ქვეყანა მინსკის შეთნახმების დარღვევაში, რომელსაც თავად არ იცავს. დასასრულს მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია რუსეთის მოსახლეობა მის გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერს.

დღეს, 21 თებერვალს პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც ეს საკითხი განიხილეს. მანვე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას დღესვე, მოგვიანებით მიიღებდა.

კრემლის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სხდომის შემდეგ პუტინი გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ესაუბრა და განაცხადა, რომ მზად არის, უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს შესაბამის დადგენილებას, მიზეზად კი პროპაგანდისტული მოტივით "უკრაინის აგრესია" დაასახელა. როგორც კრემლი ამბობს, მაკრონმა და შოლცმა ამ გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოხატეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელი სხდომა მაკრონსა და შოლცთან განიხილა. დამატებითი დეტალები უცნობია.