დღევანდელ დღეს მეორეული ავტომობილის შეძენის მრავალი ფორმა არსებობს — ავტობაზრობები, დილერები, ინტერნეტი და ა.შ.

სადაც უნდა ყიდულობდეთ მეორეულ ავტომობილს, აუცილებელია მისი შემოწმება, როგორც ვიზუალურად, ასევე დაქოქვითა და გატარებით.

ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ორმაგად დაკვირვებულები ვიყოთ.

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ავტომობილი, რომელიც ადრეულ ასაკში შევიძინე ვიზუალურად საკმაოდ კარგი ჩანდა, ხოლო შეძენიდან რამდენიმე თვეში, ის ჭირვეულ მონსტრად იქცა. ბევრჯერ ვინანე, რომ ყიდვამდე ავტომობილი კვალიფიციურ კადრებს არ შევამოწმებინე და უბრალო "პროფილაქტიკის" თანამშრომელს ვენდე.

თქვენც ასეთივე მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეთ, იმ რამდენიმე საკითხს გაგაცნობთ, რომლებიც მომავალში მანქანის ყიდვისას გამოგადგებათ.

გარეგანი დათვალიერება

გარე შემოწმება ტარდება მხოლოდ სუფთა ავტომობილზე, რისთვისაც აუცილებელია კარგი განათება. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ მანქანა არ არის შეღებილი. ამისთვის საუკეთესო გზა კარის რეზინის ოდნავ ჩახსნა და შიდა კარკასის, გარე კარკასთან შედარებაა — ფერები უნდა ემთხვეოდეს. არსებობს სპეციალური მოწყობილობა — სისქის საზომი, რომელიც განსაზღვრავს საღებავის სისქეს და მის შესაბამისობას ქარხნულთან.

კორპუსის დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ ჟანგის კვალს, განსაკუთრებით კარსა და ფარებზე, ასევე კოროზიის ცენტრები შეიძლება იყოს მინის რეზინის ქვეშაც. თუ ჟანგიანი ადგილების რაოდენობა ბევრია, მაშინ უმჯობესია უარი თქვათ ასეთი ავტომობილის შეძენაზე.

მნიშვნელოვანია შეამოწმოთ კარებებსა და კარკასს შორის დაშორებები (ზაზორები), რადგან თუ მათ განსხვავებული ზომები აქვთ, ესეიგი მანქანა სავარაუდოდ ავარიაშია მოყოლილი.

ყურადღება მიაქციეთ საბურავების მდგომარეობას, მათ ღერძს არ უნდა ჰქონდეს დარღვეული გეომეტრია, რაც საბურავებზე არასწორ ცვეთაში აისახება. შეამოწმეთ სამუხრუჭე დისკები, რომლებსაც არ უნდა გააჩნდეთ ნაკაწრები და ბზარები. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ფარებისა და მინების შემოწმებაც.

ძრავის შემოწმება

ვხსნით კაპოტს და ვამოწმებთ ძრავს — გადაცემათა კოლოფისა და ძრავის ქვეშ ზეთის კვალი პირველი ნიშანია იმისა, რომ მასში რაღაც ხარვეზია. ზეთის დონესთან ერთად შეამოწმეთ წყლის მილები და ღვედები.

დაქოქვის შემდეგ ძრავი უნდა მუშაობდეს სუფთად, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე, რადგან უცხო და ზედმეტი ხმაური მისი გაუმართაობის პირველი ნიშანია. ყურადღება მიაქციეთ მუშაობს თუ არა ძრავი სტაბილურად უმოქმედო მდგომარეობაში. თუ ძრავი არათანაბრად მუშაობს, მაშინ მიზეზი შეიძლება გაუმართავი სანთლები, ელექტრონული სისტემა, კონტროლის განყოფილება ან რაიმე სხვა იყოს, რაზეც ზუსტ პასუხს მხოლოდ კვალიფიციურ სერვისცენტრში მიიღებთ.

მანქანის შიდა შემოწმება

ინტერიერის დათვალიერებამდე ძრავის განყოფილებაში იპოვეთ ნიშანი, რომელზეც აღბეჭდილი იქნება ზეთის შეცვლის შემდგომი გარბენი და შეადარეთ მრიცხველის ჩვენებას. შეამოწმეთ სავალი ნაწილი დეტალურად სერვის ცენტრში. შეამოწმეთ ფარები, შიდა განათებები, ავარიული სანათები, სავარძლების და ფანჯრების გათბობა, მინის მწმენდები, კონდიციონერი და გათბობა უნდა მუშაობდეს ნორმალურად, მათი მუშაობისას არ უნდა იგრძნობოდეს უსიამოვნო სუნი.

სატესტო გარბენი

ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აუცილებელია შეამოწმოთ ავტომობილი რეალურ პირობებში.

სიარულის დროს ყურადღებით მოუსმინეთ, გამოსცემს თუ არა მანქანა საეჭვო ხმებს, ინარჩუნებს თუ არა ის სწორ კურსს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საბურავების ღერძის გეომეტრია დარღვეულია (რაზვალი). მოძრაობის დროს, საჭე არ უნდა ვიბრირებდეს მაღალ სიჩქარეზე.

სატესტო გარბენი დაგეხმარებათ იმ ხარვეზების იდენტიფიცირებაში, რომლებიც არ შეინიშნებოდა გარე და შიდა დათვალიერების დროს.

რეალურ ცხოვრებაში ჩატარებული ტესტი მოგცემთ სრულ სურათს მანქანის მდგომარეობისა და შესაძლებლობების შესახებ, თუმცა მაინც სანამ ყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებთ, გზად თეგეტა მოტორსის სერვისცენტრებში შეიარეთ, სადაც კვალიფიციური კადრები დაზუსტებულ პასუხს მოგცემენ ავტომობილის მდგომარეობის შესახებ.

ავტორი: მანჩე