კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ საჭიროა ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესება. უწყება გუშინ, 18 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და ამბობს, რომ "ხელყოფილია სვანური ცეკვა".

"გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მოწმობს, რომ დაცვის ეს მექანიზმები საკმარისი არ არის. სახელმწიფოს მიზანია, სათანადო დონეზე იყოს დაცული არა მხოლოდ ცეკვებისა და სიმღერების გარკვეული ნაწილი, არამედ ყველა ცეკვა და სიმღერა იმ სტატუსით, რაც კონკრეტული კულტურული მემკვიდრეობისათვის არის შესაბამისი", — ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებით, 16 თებერვალს კულტურის სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა და სწორედ მათ წინაშე დაისმება აღნიშნული საკითხი. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ პროცესში ჩაერთვება სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრიც.