ახალი კვირის თანამშრომლები გავრცელებულ ინფორმაციას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ უარყოფენ. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"გადაცემა ახალი კვირა ოთხი წელია, პირველი არხის ეთერშია. ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის პრობლემურ და აქტუალურ თემებს ეხებოდა, ჩვენთვის პრიორიტეტი ხალხის პრობლემების ობიექტურად გაშუქება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა. ახალი კვირის გუნდისთვის ღირსების საკითხია, ობიექტურად და მიუკერძოებლად გავაშუქოთ ნებისმიერი თემა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟები ნათლად მეტყველებს.

გადაცემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ ახალი კვირის გუნდი 2018 წლიდან პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით მუშაობს — დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში. შესაბამისად, გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მას ხელს აწერენ:

  • თამარ გოგესაშვილი;
  • თამარ ოდიშარია;
  • ნინუცა კახნიაური;
  • ბელა ზაქაიძე;
  • ანა ნოდია;
  • ნატა ტაბიძე;
  • ოთარ გიორგაძე;
  • ანუკი მასხარაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ახალი კვირის წამყვანმა, იმედა დარსალიამ 17 თებერვალს განაცხადა, რომ გადაცემა გააჩერეს და ეთერიდან მოხსნეს, რაზეც ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ დაგეგმილია რეორგანიზაცია. დარსალიას თქმით, ინფორმაცია 28 დეკემბერს მიაწოდეს, თუმცა მისთვის უცნობია, რატომ აღარ არის გადაცემის წამყვანი.

მოგვიანებით, დარსალიამ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შავი სიები იყო, ანუ იმ ადამიანების ჩამონათვალი, თუ ვინ უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა და ვინ არა. გადაცემის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციების საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოეხმაურა და მას "რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართული კამპანია" უწოდა. ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ "საყვედურებს" ითმენენ, მაგრამ "შეურაცხყოფას" — არა.