ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდნის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, მიზანში უკრაინის დედაქალაქს, კიევს ამოიღებენ.

"ჩვენ გვაქვს მიზეზი დავიჯეროთ, რომ რუსული ძალები გეგმავენ მომავალ კვირაში დაესხან თავს უკრაინას", — განაცხადა მან.

18 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ზელენსკის ბრძანებით უკრაინის ჯარი თავდასხმას აპირებდა. უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს მიმართა და ეს ცნობები უარყო. ამ ცნობებს სიცრუე უწოდა ზელენსკის ოფისმაც. როგორც მათ აღნიშნეს, რუსეთი ყველანაირად ცდილობს მათ პროცოცირებას.

თვითაღიარებულმა ლიდერებმა კი მოუწოდეს ადგილობრივებს, რუსეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამ დასახლებიდან "დევნილებს" ერთჯერადად 10 000 რუბლს გადაუხდის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობები, დონეცკსა და ლუგანსკზე შეტევის შესახებ. მათივე თქმით, სიცრუეა ისიც, რომ დონბასში დივერსია იგეგმება.