თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია მაისში დასრულდება. მათი განცხადებით, პროექტის ბიუჯეტი 4 700 000 ლარია.

უწყებაში ამბობენ, რომ სადგურის ინტერიერი და ექსტერიერი სრულად განახლდება. ასევე, გადაიხურება მგზავრთა ჩასასხდომი ბაქანი და ჩატარდება გამაგრების სამუშაოები.

"სადგური ადაპტირდება შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა ტექტილური ბილიკები. განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების სამომსახურო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სადგურის, როგორც შესასვლელ ვესტიბიულს, ასევე ბაქანს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შეიცვლება გახმოვანებისა და ელექტროსისტემები", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მეტროსადგურის გახსნამდე დიდუბის მეტროდან გოცირიძემდე დროებით #169 ავტობუსი იმოძრავებს.

ექსპერტიზის დასკვნით, მეტროსადგურს არაერთი დაზიანება ჰქონდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 2019 წელს აცხადებდნენ, რომ მეტროთი მგზავრობა "იმდენად უსაფრთხოა", რომ გამაგრებით სამუშაოებს არ გეგმავდნენ.

სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მერიამ წინა წლის თებერვალში დაიწყო. რეაბილიტაციისთვის ტენდერი არაერთხელ გამოცხადდა. მათგან რამდენიმე არ შედგა, რადგან მონაწილეობა არავინ მიიღო, ერთ შემთხვევაში კი მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მეტროსადგურის მძიმე დაზიანებების შესახებ დასკვნა 4 წელზე მეტია არსებობს.