კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის განცხადებით, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანება, მკვლევართა საარქივო ფონდებზე წვდომას კიდევ უფრო ზღუდავს.

ბრძანების მიხედვით, კვლევითი საქმიანობით დაინტერესებული პირი სამუზეუმო ფონდში მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით დაიშვება, რაზეც სამინისტროსაც უნდა ეცნობოს.

"დოკუმენტებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის ფიზიკური დაცვის და შენახვის გარდა, საარქივო და სამუზეუმო სფეროს მთავარი ამოცანა, მათი კვლევისა და განათლების პროცესისათვის ღიაობა და ხელმისაწვდომობაა. იმ პირობებში, როდესაც მტრული ქვეყნის მთავარი დასაყრდენი საბჭოთა იდეოლოგიზებული ისტორიაა, მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა ხელს უწყობს რუსეთის დეზინფორმაციას და შესაბამისად, ასუსტებს მოქალაქეთა მდგრადობას პროპაგანდის წინააღმდეგ", — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კოალიცია აღნიშნავს, სამუზეუმო ფონდში მოქალაქეთა საქმიანობა კონსტიტუციით და კანონმდებლობითაა დაცული. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში საარქივო და ახლა უკვე სამუზეუმო ფონდში სახელმწიფოს გადადგმული ნაბიჯები დამატებით, რუტინულ და საბჭოური ტიპის ცენტრალიზებულ მექანიზმებს ქმნის. მათი განმარტებით, ეს მოქალაქეებს წყაროებით მაქსიმალურად სწრაფად და სრულფასოვნად სარგებლობაში უშლის ხელს.

"მაგალითად, იუსტიციის სამინისტრო მესამე წელია გადაჭრით ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ არქივში (რომელიც სამინისტროს სსიპ-ია) არქივებზე წვდომის ხელოვნურად შეზღუდვის შემსუბუქებას. სამუზეუმო და საარქივო კვლევა არის საკვანძო იმისათვის, რომ ისტორიულ დეზინფორმაციას მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვებრძოლოთ", — ამბობენ ისინი.

კოალიციაში აცხადებენ, რომ ერთგვარი ვეტოს ანალოგიური შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედებას გმობენ და სამინისტროს მოუწოდებენ:

  • არქივები სრულად საჯაროდ ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდეს, რათა მედია საშუალებებმა, დოკუმენტალისტებმა, კინემატოგრაფებმა, მეცნიერებმა და დაინტერესებულმა მოქალაქეებმა შეძლონ ეფექტიანი გამოყენება;
  • თავი შეიკავონ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დამატებითი ბარიერების დაწესებისგან, რადგან ეს ეწინააღმდეგება მმართველობის დემოკრატიულ ღირებულებებს და აფერხებს/ანელებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გავრცელების შესაძლებლობას;
  • უფრო მეტად განიმარტოს, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ბრძანება.