ორგანიზაციამ, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მწვრთნელის მხრიდან ქალი სპორტსმენების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალური შევიწროების საქმე მოიგო. ინფორმაცია PHR-მა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

როგორც PHR-ის იურისტი, ანა აბაშიძე On.ge-ს ეუბნება, საქმე მწვრთნელის მიერ ფეხბურთელების შევიწროებას ეხებოდა, რის ფარგლებშიც მოსამართლემ მორალური ზიანის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

"მოსამართლემ დააკმაყოფილა შევიწროების ფაქტები და თქვა, რომ გოგოების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგოების მიმართ ჩადენილია შევიწროების ფაქტი მწვრთნელის მხრიდან. ჩვენ ვითხოვდით აღიარებას შევიწროების ფაქტის და ამის გამო მორალური ზიანის დაკისრებას თითოეულ მათგანზე, რაც სრულად დაკმაყოფილდა", — თქვა მან.

მისი განცხადებით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გააგრძელებენ სისტემურ ცვლილებაზე მუშაობას, რათა სპორტის ფედერაციებს დაევალოს, რომ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მოხდენის შემთხვევაში, კლუბებს მისი შესწავლის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება მოსთხოვონ. აბაშიძის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როცა სპორტში სექსუალური შევიწროება დადგინდა.

გაიგეთ მეტი: