კასპის საკრებულოში ხმაური იყო. კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ ქალაქის ყოფილ მერს, მანუჩარ მერებაშვილსა და ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

ფორმულასა და მთავარი არხის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია ხელს უშლის ჟურნალისტებს მუშაობაში და ძალის გამოყენებით ცდილობს მათ გაყვანას, რა დროსაც მთავარი არხის ჟურნალისტი დაშავდა.

მერებაშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, შოთა ბეგლარაშვილს დიპლომის გაყალბებაში ადანაშაულებს. როგორც ის ამბობს, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სწორედ ბეგლარაშვილის მხილებისა და მისი განათლების შესახებ პასუხების მისაღებად მივიდა.

"ადამიანებს, რომლებსაც პასუხი არ აქვთ კითხვებზე, პოლიციის ძალით ცდილობენ ჩაატარონ საკრებულოს სხდომა. 2 თვის განმავლობაში იმალებიან სიმართლეს ვერ ისმენენ, მათი გადაცდომების მხილების დროა დღეს, ცდილობენ ეს ყველაფერი შეზღუდონ დღეს", — თქვა მერაბაშვილმა.

On.ge კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მის დიპლომზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ბეგლარაშვილის განმარტებით, სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტში და დიპლომიც აქვს.

მას ასევე ვკითხეთ, რატომ დაატოვებინეს დარბაზი ძალის გამოყენებით იქ მყოფებს. მისი თმით, "პროვოკატორებმა" სცადეს სხდომის ჩაშლა.

"იყვნენ პროვოკატორები შემოსული საკრებულოს სხდომაზე, მათ სცადეს საკრებულოს სხდომის ჩაშლა. განმარტება მივეცით, რომ შესაბამისად, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე თუ რაიმე კითხვა ჰქონდათ დაესვათ, შესაბამისად დალოდებოდნენ პასუხებს, მაგრამ ამის საშუალება საკრებულოს სხდომის ჩატარებისთვის არ მოგვცეს. გაფრთხილება მივეცით რამდენჯერმე, თხოვნით მივმართეთ, რომ დაწყნარებულიყვნენ.

გადმოვიდნენ თითოეული დეპუტატის შეურაცხყოფაზე, იძულებულნი ვიყავით, რომ სხდომათა დარბაზი გათავისუფლებულიყო და საკრებულოს სხდომა წარმართულიყო ნორმალურ და წყნარ ვითარებაში", — უთხრა On.ge-ს შოთა ბეგლარაშვილმა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მოუწოდებს შსს-ს, დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი. მათი ინფორმაციით, მუშაობა ასევე არასათანადო პირობებში მოუწიათ ფორმულას, თრიალეთისა და TV მონიტორინგის ჟურნალისტებსაც.

On.ge დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ინფორმაციას, დაიწყეს თუ არა მომხდარზე გამოძიება, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.